გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სამი ხედირა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში ბრუნდება. იტალიური მედიის ცნობით, გერმანელი ნახევარმცველი ბერლინის „ჰერტასთან“ ძალიან ახლოსაა.
ხედირა „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გაწყვეტს და სამშობლოში დაბრუნდება, სადაც ჯერ სამედიცინო შემოწმებას სულ მალე გაივლის და შემდეგ დედაქალაქურ გუნდთან 2.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ხედირა ანდრეა პირლოს გეგმებში არ შედის და მიუხედავად იმისა, რომ მთელი სეზონია გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, არათუ არ უთამაშია, განაცხადში ერთხელაც არ შეუყვანიათ. სამის „იუვესთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურებოდა, მაგრამ მაღალ ხელფასს (6.5 მილიონი ევრო) იღებდა, რის გამოც კლუბის დატოვება ვადაზე ადრე უწევს.
ხედირა „იუვენტუსის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავდა და 144 მატჩში 21 გოლი გაიტანა. იქამდე ის მადრიდის „რეალში“ თამაშობდა, ხოლო სამშობლოში ბოლოს „შტუტგარტის“ წევრი იყო 2006-2010 წლებში.