გერმანიის გარმიშ-პარტენკირხენში, ლეგენდარულ ფერდობ კანდაჰარის ფერდობზე გამართული ქალთა სუპერ გიგანტი, შვეიცარიელი ლარა გუტ-ბერამის გამარჯვებით დასრულდა. ეს ამ ჩქაროსნულ დისციპლინაში, მის მიერ მოპოვებული ზედიზედ მესამე გამარჯვებაა.
ამგვარად, 29 წლის გუტ-ბერამის მსოფლიო თასის სუპერ გიგანტზე 15 გამარჯვება დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით, მას მხოლოდ სამი მოთხილამურე სჯობნის: ამერიკელ ლინდსი ვონის ანგარიშზე 28 გამარჯვებაა, ავსტრიელ რენატე გიოჩლს 17 სუპერ გიგანტი აქვს მოგებული, გერმანელ კატია ზაიცინგერს კი - 16.
გუტ-ბერამიმ ფინიშის ხაზი წუთსა და 15.70 წამში გადალახა და 0.68 წამით აჯობა ნორვეგიელ კაისა ვიკოფს, ვინც კვარცხლბეკზე პირველად ავიდა. მესამე ადგილზე კი კანადელი მარი-მიშელ განიონი გავიდა, ვისთვისაც ეს სუპერ გიგანტში პირველი კვარცხლბეკია. მეოთხე ადგილს დასჯერდა დაშვებაში ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი სოფია გოჯია.
„საოცარია, რომ ისევ ყველაზე სწრაფი ვარ. მიხარია, რომ თავდაჯერებულობა დამიბრუნდა“, - განაცხადა გუტ-ბერამიმ, ვინც სუპერ გიგანტის ჩათვლაში ლიდერია და 140 ქულით უსწრებს მეორეზე მყოფ თანამემამულე კორინე სუტერს.
გარმიშ-პარტენკირხენი კიდევ ერთ სუპერ გიგანტს კვირას უმასპინძლებს და ეს მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელსაც 7 თებერვლიდან იტალიის კორტინა დ’ამპეცო უმასპინძლებს, მსოფლიო თასის ბოლო რბოლა იქნება. კვირას დაშვება იყო დაგეგმილი, მაგრამ ამინდის გაუარესებული პროგნოზის გამო, ის 26 თებერვლისთვის გადაიტანეს.







