საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა პოლონურ ლეხში გადაბარგების შემდეგ კლუბის ტელევიზიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. 28 წლის ნახევარმცველის განცხადებით, ეს მისთვის დიდი შანსია და ეცდება, რომ გამოიყენოს.
მოგეხსენებათ, კვეკვესკირი პოზნანის ლეხს მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდა, მაგრამ კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის მიხედვით მისი განახლება 2 წლით იქნება შესაძლებელი. ქართველი ახალ გუნდში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
"საქართველოს ნაკრების და ახლა უკვე პოზნანის ლეხის ფეხბურთელი ვარ. შეტევების წამოწყება ჩემი ძლიერი მხარეა და ვეცდები ჩემი ძლიერი მხარეებით გუნდს დავეხმარო. ჩემთვის ევროპაში პირველი კლუბია და დიდი შესაძლებლობაა და კარიერაში წინგადადგმული დიდი ნაბიჯია. 6-თვიანი კონტრაქტი გავაფორმე გახანგრძლივების შესაძლებლობით. ყველაფერს გავაკეთებ აქ დასარჩენად, რადგან ლეხი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია არა მარტო პოლონეთში, არამედ ევროპაშიც. აქ ჩემი მეგობარი თამაშობს, ნიკა კაჭარავას ვკითხე "ლეხისა" და პოზნანის შესახებ. შესაბამისად, ახლა თითქმის ყველაფერი ვიცი კლუბისა და ქალაქის შესახებ. ყველა ცდილობს, რომ დამეხმაროს და აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ და მზად ვარ გუნდს მოედანზე დავეხმარო", - აღნიშნა ნიკამ.
შეგახსენებთ, ნიკა კვეკვესკირს კარიერის განმავლობაში ზუგდიდის „ბაიას“, „დინამო თბილისის“, „ცხინვალის“, გორის „დილას“, „კეშლასა“ და „გაბალას“ რიგებში უთამაშია, ხოლო 2017 წლიდან ყაზახური „ტობოლის“ წევრი იყო, რომლის რიგებში გამართულ 83 მატჩში თავი 5 გოლით და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ნიკას საქართველოს ნაკრებში 2015 წლიდან დღემდე 33-ჯერ აქვს ნათამაშები.
პოზნანის „ლეხი“ პოლონეთის ექსტრაკლასაში 24 ტურში მოპოვებული 17 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება. მოგეხსენებათ, ამ გუნდის ღირსებას ნიკა კაჭარავაც იცავს, რომელიც ამ დროისთვის ტრავმირებულია.