ავტოსპორტი

2:26 | 29.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენს“ „მერსედესის“ ძრავით 15 თებერვალს ვიხილავთ

„მაკლარენმა“ თავის უახლეს სარბოლო ავტომობილს, MCL35M-ს „მერსედესის“ ძრავი უკვე მოარგო და დაქოქა კიდეც. გუნდი ტესტების დასაწყებად თითქმის მზადაა და ახალ ავტომობილს 15 თებერვალს წარმოგვიდგენს.

„მაკლარენი“ ფორმულა 1-ის მეორე გუნდია, რომელმაც ახალი სარბოლო მანქანის პრემიერის თარიღი გამოაცხადა. პირველმა ეს „ალფა რომეომ“ გააკეთა, რომელმაც თავისი C41-ის პრემიერის ადგილად პოლონეთი შეარჩია. იტალიური გუნდი პრემიერას „მაკლარენის“ პრეზენტაციიდან ერთი კვირის შემდეგ ჩაატარებს.

„მაკლარენმა“ ახალი სეზონის წინ, ძრავის მიმწოდებელი შეცვალა - ამიერიდან, მის ავტომობილებს „მერსედესის“ გული ექნება. უოკინგელები გერმანულ კომპანიასთან 2015 წლამდეც თანამშრომლობდნენ, შემდეგ „ჰონდას“ ძრავებზე გადავიდნენ, ბოლო სამ სეზონში კი „რენოს“ ძრავებს იყენებდნენ.

ბრიტანულ გუნდში „რენოდან“ გადავიდა ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო, რომელიც „ფერარიში“ წასული კარლოს საინსის ადგილს დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ „მაკლარენმა“ გასული სეზონი კონსტრუქტორთა თასზე მესამე ადგილზე დაასრულა.

ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ტესტები 12 მარტს, ბაჰრეინის სახირის ტრეკზე დაიწყება.

0.111312