კიევის „დინამოს“ პრეზიდენტმა იგორ სურკისმა უკრაინულ მედიასთან 2008 წლის აგვისტოში მისი გუნდის გულშემატკივრების ქართულ ენაზე გამოფენილი ბანერის ისტორია გაიხსენა.
მაშინ, კიეველმა ფანებმა საქართველოს რუსეთთან კონფლიქტის დროს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მოსკოვის „სპარტაკთან“ მატჩში ტრიბუნაზე ქართულ ენაზე ბანერი გამოფინეს: „ჩვენ შენთან ვართ საქართველო“. სურკისმა სწორედ მაშინდელი ისტორიის შესახებ ილაპარაკა და ეს ამბავი გაიხსენა:
„ზუსტად მაშინ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი დაიწყოო... ჩვენ „სპარტაკს“ 4:1 მოვუგეთ სტუმრად და კიევში საპასუხო თამაში გვქონდა. ვღელავ, როგორც გულშემატკივარი, „სპარტაკი“ ხომ ჩვენთვის წითელი ნაჭერია. კიევში ჩვენმა ულტრასებმა ქართულ ენაზე ბანერი გამოფინეს. საგარეო საქმეთა მინისტრი მოვარდა ჩემთან და მეუბნება: „რა წერია იქ ქართულად? არ ვიცი. ისევ მორბის და მეკითხება - რა წერია იქ?
ჩვენს გვერდით იყო რეზო ჭოხონელიძე, მან ქართული უნდა გაიგოს, მაგრამ არ გვპასუხობს - ან ვერ ხედავს, ან ვერ თარგნის. შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი მესამედ მორბის და მე ვპასუხობ: იქ წერია, რომ ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ. ვიქტორ იუშჩენკო თითს მაჩვენებს და მეუბნება: „ვაუ!“ არადა, არ ვიცოდი იქ რა ეწერა, უბრალოდ ვთქვი, რომ ფეხბურთის ყურების საშუალება მოეცათ. იქ რეალურად რაც ეწერა, დღემდე არ ვიცი. ჩვენ ის თამაში მოვიგეთ და დიდი სიხარული იყო“, - თქვა სურკისმა.
აქვე გეტყვით, რომ კიევის „დინამომ“ მოსკოვის „სპარტაკს“ მაშინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში 8:2 მოუგო (4:1, 4:1).