ჩოგბურთი

3:18 | 28.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ავსტრალიაში მკაცრ კოვიდ-შეზღუდვებს ემხრობა

რაფაელ ნადალი თვლის, რომ ის ჩოგბურთელები, ვისაც ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში უწევთ, პრივილეგირებულები არიან და მათ ურჩევს, ქვეყანაში არსებული შეზღუდვები ფართო სპექტრით განიხილონ.

დიდი სლემის ავსტრალიურ ტურნირზე სათამაშოდ, ქვეყანამ თავის საზღვრებში დაახლოებით 1 200 ჩოგბურთელი და მათი თანმხლები პირი შეუშვა. ეს იმ დროს, როცა ბევრი ავსტრალიელი, სამშობლოში დაბრუნებას, შეზღუდვების გამო ვერ ახერხებს.

ჩოგბურთელებს იზოლაციაში 14 დღის გატარება უწევთ. თუმცა ამ პერიოდში, მათ ყოველდღიურად სასტუმროს გარეთ, ხუთი საათის გატარების უფლება აქვთ. ამ დროს ისინი სავარჯიშოდ იყენებენ. 72 მოთამაშეს ვარჯიშის უფლებაც არ აქვს, რადგან იმ ჩარტერული რეისებით, რომლებითაც მათ იმგზავრეს, ვირუსით ინფიცირებულებმაც იფრინეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ავსტრალიის ღია პირველობა, ადრე დაგეგმილზე სამი კვირით გვიან დაიწყება. ის 8-21 თებერვალს გაიმართება.

ნადალი, ისევე როგორც ნოვაკ ჯოკოვიჩი და სერენა უილიამსი, ამჟამად ადელაიდაში იმყოფება და ამბობს, რომ უთანაგრძნობს მათ, ვისაც მკაცრ იზოლაციაში ყოფნა უწევს.

„როცა აქ მოვდიოდით ვიცოდით, რომ მკაცრ პირობებში ყოფნა მოგვიწევდა. ქვეყანა პანდემიას სწორედ ამ სიმკაცრის წყალობით უმკლავდება. წუწუნიც გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ, უფრო ფართო პერსპექტივით უნდა შევხედოთ იმას, რაც ხდება. მთელ მსოფლიოში ადამიანები იღუპებიან. ყველა ვხედავთ, რამდნ ადამიან კარგავს ახლობლებს, მამას, დედას და მათ დამშვიდობების საშუალებაც არ ეძლევათ. ეს რეალობაა. ეს ჩემს ქვეყანაშიც ხდება. შექმნილ სიტუაციაში ჩემი ახლობლები ზარალდებიან“, - ამბობს ნადალი.

პანდემიის დაწყებიდან, ავსტრალიაში ინფიცირების 22 000-ზე მეტი შემთხვევა და 909 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. მაგრამ მკაცრი შეზღუდვების წყალობით, ქვეყანაში უკვე 10 დღეა, ინფიცირების ახალი ფაქტები არ დაფიქსირებულა.

14-დღიანი იზოლაციის შემდეგ, ჩოგბურთელებს ნორმალურად მგზავრობის და ვარჯიშის და ტურნირებზე გამოსვლის უფლება მიეცემათ.

0.065372