ფეხბურთი

0:40 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "სევილიამ" ალეხანდრო გომესი დაიმატა

ბერგამოს "ატალანტას" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ალეხანდრო (პაპუ) გომესი კარიერას "სევილიაში" გააგრძელებს. ესპანურმა გუნდმა არგენტინელ ფეხბურთელს კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა. ანდალუზიელებმა იტალიურ კლუბს 32 წლის შემტევის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაუხადეს.

გომესი „ატალანტას“ კაპიტანი და უდაო ლიდერი იყო, მაგრამ მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან მწვავე კონფლიქტის გამო გუნდიდან წასვლა უწევს. მათ შორის განხეთქილება 1 დეკემბერს, დანიურ „მიდტიულანდთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოხდა, როცა გომესმა მწვრთნელის მითითება არ შეასრულა და შეცვალეს.

მას შემდეგ, გომესს სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ მისცემია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. არგენტინელს იტალიაში დარჩენა სურდა, მაგრამ კლუბმა კონკურენტების გაძლიერებაზე უარი თქვა და მხოლოდ უცხოეთში ტრანსფერს დასჯერდა.

პაპუ გომესი „ატალანტაში“ 2014 წლიდან თამაშობს და კლუბის ბოლო დროინდელ წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა (252 მატჩი, 59 გოლი). მანამდე სამხრეთ ამერიკელს სარანდის „არსენალში“, „სან ლორენსოში“, „კატანიასა“ და ხარკოვის „მეტალისტში“ უთამაშია.

0.116428