სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:27 | 25.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" და "ატალანტა" გომესის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელი ალეხანდრო (პაპუ) გომესი კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებს. იტალიური პრესის ცნობით, კლუბებს შორის ფინანსურ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. გომესის სანაცვლოდ „ატალანტა“ 6 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსები დაემატება, დაახლოებით 1.5 მილიონი ევრო.

გომესი „ატალანტას“ კაპიტანი და უდაო ლიდერი იყო, მაგრამ მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან მწვავე კონფლიქტის გამო გუნდიდან წასვლა უწევს. მათ შორის განხეთქილება 1 დეკემბერს, დანიურ „მიდტიულანდთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოხდა, როცა გომესმა მწვრთნელის მითითება არ შეასრულა და შეცვალეს.

მას შემდეგ, გომესს სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ მისცემია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. არგენტინელს იტალიაში დარჩენა სურდა, მაგრამ კლუბმა კონკურენტების გაძლიერებაზე უარი თქვა და მხოლოდ უცხოეთში ტრანსფერს დასჯერდა. შედეგად, პაპუ გადაწყვეტილია, რომ „სევილიაში“ ითამაშებს.

პაპუ გომესი „ატალანტაში“ 2014 წლიდან თამაშობს და კლუბის ბოლო დროინდელ წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა (252 მატჩი, 59 გოლი). მანამდე სამხრეთ ამერიკელს სარანდის „არსენალში“, „სან ლორენსოში“, „კატანიასა“ და ხარკოვის „მეტალისტში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113687