აზერბაიჯანის თასის მერვედფინალში დავით ვოლკოვის „ზირამ“ „ქარადაღ ლოკბატანი“ 4:0 გაანადგურა და ქართველი შემტევი მინდორზე საუკეთესო გახლდათ.
მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რადგან სტუმრებმა ოთხივე გოლი ანტრაქტამდე გაიტანეს. თავი ორჯერ ვოლკოვმა გამოიჩინა. 27-ე და 45-ე წუთებზე ის დაახლოებით ერთ პოზიციაში დარჩა მეკარესთან პირისპირ და ორჯერვე გაიტანა. მეორე გოლი უფრო ეფექტური იყო, კიპერს ბურთი თავზე გადაუგდო.
ამასთან, 30-ე წუთზე მუსა ქურბანლის შესანიშნავი და იდეალური გადაცემა გაუკეთა და მის თანაგუნდელს გატანის გარდა სხვა გზა არ დარჩენოდა - გაიტანა კიდეც. ამრიგად, 25 წლის ჩვენებურმა თავის გამოჩენა დუბლით და საგოლე პასით შეძლო.
„ზირა“ აზერბაიჯანის თასის მეოთხედფინალში გავიდა. აქვე გეტყვით, რომ უშუალოდ ჩემპიონატში ვოლკოვის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 5 გოლია.