რაგბი

16:31 | 25.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერები | ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში

ბორჯღალოსანმა ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა ტოპ 14-ში 150-ე თამაში ჩაატარა, თორნიკე ჯალაღონიამ და ზაზა ნავროზაშვილმა კი, პრო დე2-ის მე-17 ტურში ლელოები გაიტანეს.

ტოპ 14

რადგან ევროთასების მატჩები გადაიდო, ტოპ 14-მა მე-19 ტური სრულად გადმოსწია და თამაშები წინსწრებით ჩატარდა. ტური ‘ლა როშელისა’ და ‘ბაიონის’ შეხვედრით გაიხსნა და პირველმა 40:3 იმარჯვა. ‘ბაიონის’ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს კოტე მიქაუტაძე.

‘ბორდო’ ‘რასინგ 92’-ს პარიზში ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 33:32 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში 45-ე წუთიდან ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა. ჟირონდელთა შორის ასევე შეცვლაზე, 63-ე წუთზე გამოჩნდა ლექსო ყაულაშვილი.

ზედიზედ მერვე მატჩი დათმო ‘მონპელიემ’ – ორი ჩემპიონთა თასზე და ექვსი ტოპ 14-ში. ამჯერად მათ ‘ლიონს’ უმასპინძლეს და 16:21 დამარცხდნენ. მიხეილ ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ტოპ 14-ში 150-ე თამაში ჩაატარა. ის 53-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 72-ეზე მოედანზე მოუწია დაბრუნება. ლევან ჩილაჩავა თანაგუნდელის სინბინის გამო მოედანზე ჯერ 10 წუთით გამოჩნდა (29-39), 72-ე წუთზე კი სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა.

‘ბრივი’ უშუალო კონკურენტ ‘პოს’ ეწვია და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 32:27. გამარჯვებაში წვლილი ხუთ ქართველ ლეგიონერს მიუძღის. სოსო ბეკოშვილი ძირითადში იყო და ის 39-ე წუთზე ლუკა ჯაფარიძემ შეცვალა, რომელსაც მალევე მოუწია სინბინში წასვლა. ბადრი ალხაზაშვილი თამაშში 51-ე წუთზე ჩაერთო, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე კი შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდნენ.

‘სტად ფრანსეს’ წინააღმდეგ პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა ‘ტულონის’ ბურჯმა ბექა გიგაშვილმა, რომელსაც 77-ე წუთზე მოედანზე მოუხდა დაბრუნება. მისმა გუნდმა მეტოქე 35:13 დაამარცხა და ბონუსიც აიღო. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს ვასილ კაკოვინი, ხოლო გიორგი მელიქიძე თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო.

პრო დე2

მე-17 ტურის პირველ მატჩში ‘რუანმა’ ‘გრენობლს’ უმასპინძლა და 26:14 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 74-ე წუთამდე ითამაშა კარლენ ასიეშვილმა, ხოლო თამაზ მჭედლიძე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე მე-16 წუთზე გამოჩნდა. სტუმართა ძირითადში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს ნიკა ნეფარიძე, ხოლო ილია კაიკაციშვილი შეცვლაზე ასევე 66-ე წუთზე შევიდა.

‘პერპინიანმა’ ‘კოლომიეს’ ოთხი ლელო გაუტანა და 28:0 დაწინაურდა, მაგრამ დასკვნით 5 წუთში ორი ლელო გაუშვა და ბონუსი დაკარგა 28:12. ვახტანგ ჯინჭარაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა რიგებში 63-ე წუთიდან ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.

‘ვალანსთან’ მატჩში ‘პროვანსი’ მე-12 წუთზე ზაზა ნავროზაშვილის ლელოთი დაწინაურდა და საბოლოოდ 28:13 იმარჯვა. ქართველი ბურჯი 47-ე წუთზე შეცვალეს. ეს მისთვის მეორე ლელოა მიმდინარე სეზონში. ‘ვალანსის’ რიგებში 21-ე წუთიდან ითამაშა მირიან ბურდულმა.

‘ანგულემმა’ ‘ნევერს’ უმასპინძლა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა – 13:16. მასპინძელთა რიგებში პირველიდან 72-ე წუთამდე ითამაშა ლუკა გოგინავამ, ხოლო სტუმართა შორის შეცვლაზე 55-ე წუთზე შევიდა გურამ პაპიძე.

სტუმრად ‘მონ-დე-მარსანთან’ 9:12 დამარცხდა და ბონუსი აიღო ‘ორიაკმა’, რომლის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ქართველიშვილი (შეცვალეს მე-60 წუთზე), გიორგი ჯავახია (შეცვალეს მე-60 წუთზე) და ბექა საღინაძე, რომელიც შეუცვლელად გაისარჯა.

‘ოიონამ’ ‘კარკასონს’ უმასპინძლა და ბონუსით, 30:6 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში პირველიდან 49-ე წუთამდე ითამაშა ირაკლი მირცხულავამ, ხოლო ‘კარკასონის’ ახალგაზრდა ბურჯ ნუგზარ სომხიშვილს, ელიტარულ დონეზე დებიუტი ჰქონდა. ის შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა.

‘მონტობანთან’ 31:3 მოგებულ მატჩში, მე-60 წუთზე ‘ბიარიცის’ მეოთხე ლელო გაიტანა თორნიკე ჯალაღონიამ. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 69 წუთი გაატარა და პირველი ფრანგული ლელო გაიტანა (მესამე მატჩი პირველ გუნდში). ის ფეხით გადაკიდებულ ბურთს მარცხენა ფრთაზე მიყვა, აიტაცა და ლელოში ალამთან შეხტა. ძირითადში იყო და 52 წუთი ითამაშა ლუკა აზარიაშვილმა. 52-ე წუთიდან ჩაერთვნენ თამაშში უშანგი ჭეიშვილი და გიორგი ნუცუბიძე.

RUGBY.GE

0.140003