გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტური და შესაბამისად მეორე წრე ბორუსიების დაპირისპირებით დაიწო, რომელმაც მოლოდინი გაამართლა. მიმდინარე სეზონი „დორტმუნდისთვის“ არასტაბილურად მიმდინარეობს, „გლადბახი“ კი რესუსრსიდან გამომდინარე უკეთესად ირჯება.
„ბორუსია პარკზე“ მასპინძლები ნიკო ელვედის გოლით სწრაფად დაწინაურდნენ. თუმცა „დორტმუნდს“ ერლინგ ჰოლანდი ჰყავს, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და 6-წუთიან ინტერვალში შესრულებული დუბლით თავისიანები დააწინაურა. ამან „ყვითლებს“ მაინც ვერ უშველა, რადგან მერე თამაშს მთლიანად მარკო როზეს გუნდი აკონტროლებდა.
ჰოლანდის დუბლს ელვედმა დუბლი უპასუხა და ტაიმი 2:2 დასრულდა, შესვენების შემდეგ კი ბენსაბაინმა და მარკუს ტურამმა „გლადბახს“ 3 ქულა მოუტანეს, რითაც ოთხეულში შევიდა და სწორედ „დორტმუნდს“ გადაასწრო.
„დორტმუნდი“, რომელიც წელს არ არის დამაჯერებელი და 18 ტურში მხოლოდ 9-ჯერ იმარჯვა, მეშვიდედ კი უკვე დამარცხდა. ცხადია, სეზონის წინ „ყვითლების“ მოლოდინი უფრო მაღალი იყო. ალბათ, „ვერცხლის სინზე“ ოცნებას „დორტმუნდი“ უნდა შეეშვას, რადგან ოთხეულში მოსახვედრადაც დიდი ბრძოლა მოუწევს.
„გლადბახი“ – „დორტმუნდი“ 4:2 (2:2)
გოლები: 1:0 ელვედი (11), 1:1 ჰოლანდი (22), 1:2 ჰოლანდი (28), 2:2 ელვედი (32), 3:2 ბენსაბაინი (49), 4:2 ტურამი (78)