სხვა

0:39 | 23.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სოფია გოჯიამ ზედიზედ მესამე დაშვება მოიგო

შვეიცარიის კრანს მონტანაში გამართული დაშვების რბოლა, იტალიელი სოფია გოჯიას გამარჯვებით დასრულდა. ეს გოჯიას მიერ, მსოფლიო თასზე მოგებული ზედიზედ მესამე დაშვებაა. ის არის პირველი იტალიელი ქალი სამთო მოთხილამურე, ვინც ეს შეძლო.

უფრო მეტიც, გოჯია მიმდინარე სეზონში ჩატარებული დაშვების ყველა რბოლის კვარცხლბეკზე იდგა და შესაბამისად, ყველაზე ჩქაროსნულ დისციპლინაში, მსოფლიო თასსაც ლიდერობს. მის ანგარიშზე 380 ქულაა.

გოჯიამ 0.20 წამით აჯობა მეორეზე გასულ ჩეხ ესტერ ლედეჩკას, მესამეზე კი ამერიკელი ბრიზი ჯონსონი გავიდა, ვინც ამ სეზონის აღმოჩენაა. ის გამარჯვებულს ნახევარ წამზე ოდნავ მეტით ჩამორჩა.

წინა ღამით ძლიერი თოვის გამო, ორგანიზატორებმა რბოლის დაწყება სამი საათით გადაიტანეს. რბოლისას ცა მოწმენდილი იყო, მაგრამ მოთხილამურეებს საქმე ძლიერმა ქარმა გაურთულა. ამიტომ, შეჯიბრი პერიოდულად ჩერდებოდა.

ლედეჩკა მთელი სეზონის განმავლობაში, ჩქაროსნულ დისციპლინებში მუდამ ათეულშია ხოლმე, მაგრამ დაშვების კვარცხლბეკზე პირველად ავიდა. მისი მთავარი სპეციალობა სნოუბორდით პარალელური დაშვებაა. თუმცა თხილამურებზეც თანდათან სულ უფრო აუმჯობესებს თავის შედეგებს.

რაც შეეხება ჯონსონს, მან დაშვების ზედიზედ მეოთხე რბოლა დაასრულა მესამე ადგილზე. ამ სეზონამდე, ამერიკელი მოთხილამურე მსოფლიო თასზე კვარცხლბეკზე ერთხელაც არ ასულა.

კრანს მონტანაში შაბათს დაშვების კიდევ ერთი რბოლა გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117477