ფეხბურთი

0:50 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარიო მანჯუკიჩი: "ლაპარაკს მირჩევნია ვიმოქმედო"

იტალიურმა „მილანმა“ მარიო მანჯუკიჩის პრეზენტაცია გამართა და 34 წლის ხორვატი ფორვარდი მედიის წინაშე წარადგინა. მანჯუკიჩმა ვრცლად ისაუბრა სხვადასხვა თემებზე, სათამაშო ფორმაზე, მილანურ გეგმებსა და „იუვენტუსში“ გატარებულ პერიოდზე.

„მილანის“ წინადადება და დადებითი პასუხი

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. რამდენიმე ხნის განმავლობაში ვემზადებოდი ამ შესაძლებლობისთვის. შესანიშნავი ატმოსფეროა, „მილანი“ საქმეს შესანიშნავად აკეთებს და ცხრილის სათავეშია. მეც ყველაფერს გავაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი ახალგაზრდაა, ბრძოლის სულისკვეთება აქვთ. მათ გვერდით ვითამაშებ და ჩემი საქმეა მაქსიმალური ვარჯიში მოედანზე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვვარჯიშობდი. მზად რომ არ ვყოფილიყავი, არ დავთანხმდებოდი ისეთ დიდ გუნდში თამაშს, როგორიც „მილანია“ და ტელევიზორთან დავრჩებოდი. რა თქმა უნდა, რამდენიმე დღე დამჭირდება თანაგუნდელების გასაცნობად, მაგრამ მზად ჩემი წვლილი შევიტანო, როდესაც მწვრთნელი გადაწყვეტს, რომ ვითამაშო“.

ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად თამაში

„მე და ზლატანს დიდი გამოცდილება გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ მეტოქეები შევაშინოთ და ჩვენი თანაგუნდელები დავიცვათ. ეს საჭიროა და მე აბსოლუტურად მზად ვარ“.

სკუდეტოს მოგების პერსპექტივა

„სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ბოლო თამაშებს თუ გადავხედავთ, რომელშიც ყველა ფეხბურთელი იბრძოდა გამარჯვებისთვის, სკუდეტოს მოპოვება უფრო ადვილი იქნება. წინ ბევრი რთული თამაშია, თუ მიზნის მიღწევა გვინდა, ასე უნდა გავაგრძელოთ. ყველამ იცის რამდენად ამბიციური ვარ, მაგრამ ასევე იციან, რომ მუშაობას ვამჯობინებ ლაპარაკს და მირჩევნია ვიმოქმედო“.

სტეფანო პიოლი და სათამაშო ფორმა

„სტეფანო პიოლის ვესაუბრე, ის ძალიან დადებითი ადამიანია. მკითხა ჩემი პოზიციის შესახებ და ვუთხარი, რომ იქ ვითამაშებ, სადაც საჭირო იქნება. რთული გითხრათ, როგორ ფორმაში ვარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა,რომ თავს კარგად ვგრძობ, ბოლო რამდენიმე თვე ვმუშაობდი, ჩემი სხეული აბსოლუტურად მზად არის მინდორზე დასაბრუნებლად. არ ინერვიულოთ, კარგად ვარ და ფორმაშიც ვარ“.

მაურიციო სარი და „იუვენტუსთან“ დაპირისპირება

„ეს იქნება ყველა სხვა მატჩის მსგავსი. მოედანზე ჩვენ მეტოქეები ვართ, მაგრამ მის მიღმა მეგობრები. იმედი მაქვს, გულშემატკივრებს სტადიონზე მალე ვნახავ. „იუვენტუსის“ ქომაგებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, მათ ყოველთვის პატივს ვცემ, მაგრამ ახლა „მილანისა“ და მისი გულშემატკივრებისთვის ვიბრძლებ. სარი? მას უნდა ჰკითხოთ რა მოხდა, მე წარსულზე საუბარი არ მიყვარს, მხოლოდ „მილანზე“ ფიქრი მინდა. შურისძიებაზე არ ვფიქრობ, ეს არ არის ჩემს გულში, როდესაც „მილანიდან“ დამიკავშირდნენ, მხოლოდ ამ გუნდისგან ჩემდამი მოლოდნებზე ვფიქრობდი“.

8 წელია „მილანში“ 9 ნომრით იმედი ვერავინ გაამართლა

„ეს არ მაწუხებს. ხშირად 17 ნომერი ვიყავი, მაგრამ თავისუფალი არ იყო. სხვა სიტუაციებში 9 ნომრით ვთამაშობდი და ეს თავისუფალი იყო, ამიტომ ავიღე. მნიშვნელობა არ აქვს, უკან რა მაწერია, მთავარია წინ რა არის“.

შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩი „მილანს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს კონტრაქტის 1 წლით განახლების უფლებაც აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111098