ვოლგოგრადის „როტორში“ ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა გაიზარდა. რუსულ კლუბს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი ილია ბერიაშვილი შეუერთდა. ის თურქეთში გუნდთან ერთად შეკრებაზეა და დღეს „იაგელონიასთან“ ითამაშა.
ილიამ 46-ე წუთზე სოლომონ კვირკველია შეცვალა. „როტორის“ ვებგვერდი არ აკონკრეტებს მოთამაშის გვარს, რომელიც თამაშში კვირკველიას ნაცვლად ჩაერთო და მხოლოდ იმას წერს, რომ ეს ფეხბურთელი სინჯებზეა.
ბერიაშვილი 2018 წლიდან „თელავში“ თამაშობდა, გასულ სეზონში კი 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის „როტორს“ მეექვსე ქართველია ზურიკო დავითაშვილის, გიორგი არაბიძის, ბექა მიქელთაძის, ნიკა ყიფიანის და სოლომონ კვირკველიას შემდეგ.
„იაგელონიასთან“ დღევანდელ სპარინგში ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა, ხოლო გიორგი არაბიძეს დებიუტი ჰქონდა და გოლის გატანაც შეეძლო, ბურთი ხარიხას გაარტყა.