ავტოსპორტი

2:48 | 21.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

დომენიკალი ფ1-ის რბოლების შემცირებას ემხრობა

ფორმულა ერთის ახალი მთავარი აღმასრულებელი სტეფანო დომენიკალი ამბობს, რომ შესაძლოა, მომავალში მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპების რიცხვი შემცირდეს და კალენდარში ტრასები მორიგეობით დაიკავებს ადგილს.

იტალიელი მენჯერი, ვინც ადრე „ფერარის“ შეფი იყო, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი სუპერ ავტომობილების მწარმოებელ კომპანია „ლამბორგინის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო, სკაი სპორტსთან საუბრისას ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, წელსაც ეტაპებთან დაკავშირებით, მოქნილი მიდგომა იქნება საჭირო.

წლევანდელ სეზონში 23 რბოლის გამართვაა დაგეგმილი. თუმცა მის დაწყებამდე, კალენდარში ცვლილებები უკვე მოხდა. ნოემბრისთვის გადაიდო ავსტრალიის დიდი პრიზი, რომელსაც სეზონი უნდა გაეხსნა. ჩინური ეტაპის საკითხი ჯერაც გაურკვეველია და მის ადგილს იტალიის იმოლა იკავებს. სეზონი კი სტარტს ბაჰრეინში, 28 მარტს აიღებს.

„რა თქმა უნდა, ოცდასამი რბოლა ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვია. ზოგისთვის ეს მეტისმეტად ბევრია, ზოგისთვის პრობლემა არაა. პრობლემა თავისით მოგვარდება, თუ განსაკუთრებულ პროდუქტს შევქმნით, შესაძლოა ნაკლებ რბოლას დავუბრუნდეთ. და მერე, ზოგიერთი დიდი პრიზის მონაცვლეობით ჩატარებას შევძლებთ. ჩვენ ამ გეგმას წელს ფრთხილად განვიხილავთ და იმ მომენტისთვის მოვამზადებთ, როცა მსოფლიო ისევ ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება“, - ამბობს დომენიკალი.

საინტერესოა, რომ დომენიკალის წინამორბედ ჩეიზ კერის, კალენდარში შემავალი რბოლების 24-მდე გაზრდა ზურდა. გასულ სეზონში 22 რბოლის გამართვა იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო, მხოლოდ 17 ჩატარდა და ისიც, სამმა ტრეკმა ორ-ორ რბოლას უმასპინძლა. მუჯელოსა (იტალია) და ალგარვეში (პორტუგალია) ფ1-ის რბოლები პირველად ჩატარდა, იმოლა და ისტანბული კი სპორტს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

დომენიკალი ამბობს, რომ რბოლების ორგანიზატორებთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს. მისი თქმით, ყველა განწყობილია იმისთვის, რომ რბოლა დაგეგმილ ვადებში ჩაატარონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131981