ფეხბურთი

2:05 | 21.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლოს პირველი ტიტული სამწვრთნელო კარიერაში

იტალიის 2020 წლის სუპერთასი „იუვენტუსმა“ მოიგო. რეჯიო ემილიაში გამართულ ფინალში ტურინელებმა „ნაპოლისთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

„იუვემ“ სამი დღის წინ „ინტერთან“ მძიმე დარტყმა მიიღო და ეს გამარჯვება ორმაგად ფასეული გახლდათ, თანაც დამსახურებული. ანდრეა პირლოს გუნდმა ჯენარო გატუზოს გუნდი გააკონტროლა და 2:0 მოიგო. გოლები ნაანტრაქტევს გავიდა. ჯერ კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა ანგარიში და თავისიანები დააწინაურა.

„ნაპოლი“ ვერაფრით ახერხებდა თამაშის გამწვავებას და „იუვენტუსიც“ სიტუაციას აკონტროლებდა. თუმცა, 79-ე წუთზე ტურინელთა საჯარიმოში ვესტონ მაკკენიმ იმდენი იფიქრა, სანამ მას უკნიდან დრის მერტენსი არ წამოეპარა და ბელგიელის წინააღმდეგ ამერიკელმა თამაშის წესი დაარღვია. პენალტი, რომელიც ლორენცო ინსინიემ საშინლად დაარტყა და კარს ააცილა. მას „იუვეს“ წინააღმდეგ სამჯერ აქვს პენალტი დარტყმული და სამჯერვე გააცუდა. მსაჯის მეოთხე კომპენსირებულ წუთზე კი ვოიცეხ შჩესნიმ გმირობა ჩაიდინა და თითქმის მკვდარი ბურთი აიღო. ეგ იყო და ეგ, „ნაპოლის“ მეტი არაფერი შეუქმნია და თამაში ძირითადად ნეაპოლელთა საჯარიმოსთან მიმდინარეობდა.

ბოლო დამატებულ წუთზე კი წინ წასული „ნაპოლი“ შავ-თეთრებმა კონტრშეტევაზე დაიჭირეს, ხუან კუადრადოს პასით ალვარო მორატამ გაიტანა. ესპანელი მიმდინარე სეზონში „იუვეს“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ყველა ტურნირზე აქვს გოლი გატანილი (სერია A, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა).

„იუვენტუსისთვის“ ეს ისტორიაში მეცხრე იტალიის სუპერთასია, ხოლო ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერაში პირველი თასია. თუმცა, ტიტულზე უფრო მნიშვნელოვანი ეს გამარჯვება „იუვესთვის“ ფსიქოლოგიურად იყო და ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ეს იტალიის მოქმედ ჩემპიონზე.

„იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ 2:0 (0:0)

რეჯიო ემილია, „ჩიტა დელ ტრიკოლორე“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, კიელინი, დანილო; მაკკენი, ბენტანკური (რაბიო 83), კიეზა (ბერნარდესკი 46), არტური; რონალდუ, კულუშევსკი (მორატა 83)

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„ნაპოლი“ (4-2-3-1): ოსპინა; დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, მარიო რუი (პოლიტანო 84); დემე (ლორენე 84), ბაკაიოკო )ელმასი 67); ლოსანო, ზიელინსკი, ინსინიე; პეტანია (მერტენსი 72)

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

გოლები: 1:0 რონალდუ (64), 2:0 მორატა (90)

გაფრთხილება: რონალდუ (74) - ზიელინსკი (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 8 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 7:0

მსაჯი: პაოლო ვალერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111328