ფეხბურთი

2:12 | 19.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

შეუჩერებლები - "მილანი" და იბრაჰიმოვიჩი!

„მილანი“ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეუჩერებლები არიან. დიდი ხანი ელოდნენ, როდის წააგებდა პირველ მატჩს „როსონერი“ და წააგო - 6 იანვარს, „იუვენტუსთან“. ამის შემდეგ ელოდნენ, რომ ეს მარცხი ჩავარდნის დასაწყისი იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის.

სტეფანო პიოლის გუნდი ნამდვილად ამბიციურია და ეს ამბიცია ზუსტადაც, რომ სკუდეტოა. რაც ნიშანდობლივია, „მილანი“ წამყვანი მოთამაშეების არყოფნას არ იმჩნევს. ამჯერად ტეო ერნანდესისა და ჰაკან ჩალჰანოღლუს გარეშე ითამაშა, მაგრამ 3 ქულა მარტივად მოიპოვა.

„მილანი“ „კალიარის“ ესტუმრა და მთავარი კაცი მოედანზე იყო - ზლატან იბრაჰიმოვიჩი! 39 წლის შვედმა მორიგი დუბლი გაიფორმა, სეზონში უკვე მეხუთე! იბრამ მე-7 წუთზე პენალტი მოიპოვა და მერე თავად გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ივარგა და საბოლოო ანგარიშ დააფიქსირა.

ზლატანს სერია A-ს 8 თამაშში 12 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავის ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს 3 გოლით ჩამორჩება. შვედმა ლეგენდამ ამ სეზონში დუბლები „ბოლონიასთან“, „ინტერთან“, „რომასთან“, „ნაპოლისთან“ და „კალიარისთან“ შეასრულა. თითოჯერ „უდინეზესა“ და „ვერონას“ გაუტანა. „მილანს“ კი 43 ქულა აქვს და ისევ ერთპიროვნული ლიდერია, მას ამ ეტაპზე ერთი კონკურენტი ჰყავს - „ინტერი“, რომელსაც 3 ქულით უსწრებს.

სხვათა შორის, "მილანს" სერია A-ში სტუმრად ზედიზედ 16 მატჩია არ წაუგია და მას შემდეგ, რაც გუნდებს მოგებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994-1995 წლების სეზონიდან), მისთის საუკეთესო შედეგია. იგივე შედეგი 2003 წლის სექტემბრიდან 2004 წლის აპრილამდე ჰქონდა და ახლა გაიმეორა. ამასთან, სტუმრად ზედიზედ 19 მატჩში გაიტანა და 1992 წლის მარტიდან 1993 წლის აპრილამდე დამყარებული პირადი რეკორდი გაიმეორა.

„კალიარი“ – „მილანი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (7, პენ), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (53)

თეგებისერია A
0.19188