მილანის "ინტერის" ფეხბურთელი არტურო ვიდალი ყურადღების ცენტრში მოექცა. ჩილელმა "იუვენტუსთან" მატჩის დაწყებამდე ტურინული კლუბის ლოგოს აკოცა. არტურო 2011-2015 წლებში "იუვეში" თამაშობდა და თამაშამდე ყოფილ თანაგუნდელ ჯორჯო კიელინის თბილად შეეგება.
სწორედ კიელინის მაისურზე გამოსახულ ლოგოს აკოცა ვიდალმა, რამაც "ნერაძურის" ქომაგების საფუძვლიანი გაბრაზება გამოიწვია. მატჩის შემდეგ მან ამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:
"ჩემი განზრახვა სხვა გუნდის ლოგოს კოცნა არ ყოფილა. მე ვაკოცე ჩემს ყოფილ თანაგუნდელს, რომელთანაც საოცარი წლები გავატარე და ბევრი კარგი მოგონება გვაქვს. ჯორჯო ჩემი ძმა არის და ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. მე ყველაფერს ვაკეთებ ჩემი ამჟამინდელი გუნდისთვის და სულსაც გავწირავ. მადლობელი იმ ნდობისთვის, რაც ამ გუნდში გამომიცხადეს", - დაწერა ინსტაგრამში ვიდალმა.
აღსანიშნავია, რომ მატჩი "ინტერმა" 2:0 მოიგო და არტურო ვიდალმა ყოფილი გუნდის კარში გოლი გაიტანა, "ნერაძურის" მაისურით სერია A-ში პირველად.