იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „დიდი იტალიური დერბი“ შედგა, რომელმაც „ინტერის“ დომინანტობით ჩაიარა. „იუვენტუსი“ კი ძალიან სუსტი იყო, ალბათ სეზონში ყველაზე სუსტიც.
ანტონიო კონტემ ანდრეა პირლოს სამწვრთნელო გაკვეთილი ჩაუტარა და ტაქტიკურად აშკარად დაჯაბნა. „ნერაძურიმ“ უპირველესად ნახევარდაცვაში უფრო მაღალი ხარისხის ხარჯზე მოიგო, რადგან ტურინელებს გააზრებულად არ შეუტევიათ და დაცვაშიც უამრავი შეცდომა ჰქონდათ.
ანგარიში არტურო ვიდალმა გახსნა. მან სერია A-ში 2015 წლის 2 მაისის შემდეგ პირველად გაიტანა და ბოლოს ეს სწორედ „იუვეს“ მაისურით ჰქონდა გაკეთებული. ვიდალი ახლა ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა და გოლიც გაუტანა. მასპინძლებს კიდევ უამრავი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს მომენტები და ტაიმიც 1:0 დასრულდა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმის სტარტზე ნიკოლო ბარელამ „იუვეს“ დაცვის ხაზის ჩაძინებით ისარგებლა და სხვაობა გააორმაგა. მერე „ინტერმა“ ძალები დაზოგა, თორემ კიდევ გაიტანა.
„ინტერმა“ „იტალიური დერბი“ 2016 წლის შემდეგ პირველად, ხოლო გოლგაუშვებლად 2010 წლის შემდეგ პირველად მოიგო. ფაქტია, „ინტერი“ სკუდეტოს მთავარი ფავორიტია, ყოველშემთხვევაში ამ გუნდის პოტენციალი აშკარად ჩანს, თან ევროტურნირებზე არ თამაშობს და სხვა საზრუნავიც არ გააჩნია.
„იუვენტუსის“ 9-წლიანი ციკლი აშკარად დადასრულს მიუახლოვდა. ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება და ეს დროც ალბათ დადგა. პირლოს ჯერ სათანადო გამოცდილება არ აქვს, მისი გუნდი კი საშინლად არასტაბილურია. შეუძლია ერთი თამაში მაღალ დონეზე ჩაატაროს და მეორე ჩააგდოს. ასე კი, ცხადია, შედეგი არ დაიდება. ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას ბევრი ფიქრი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, ეს არა მხოლოდ პირლოს მომავალს, არამედ შემადგენლობას ეხება, განსაკუთრებით ნახევარდაცვას, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. „იუვე“ 33 ქულით მხოლოდ მეხუთე ადგილზეა და წესით, წელს მთავარი მიზანი არა სკუდეტო, არამედ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა უნდა იყოს, არადა, კონკურენცია ამ შემთხვევაშიც დიდია.
„იუვენტუსს“ ოთხშაბათს კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, იტალიის სუპერთასზე „ნაპოლის“ დაუპირისპირდება. ჯენარო გატუზოს გუნდი კი მეტოქისგან განსხვავებით დიდებულ ხასიათზეა, რადგან ფლორენციის „ფიორენტინა“ 6:0 გააცამტვერა. სერია A-ს 40-40 ქულით მილანური გრანდები ლიდერობენ, "იუვენტუსს" კი მხოლოდ 33 ქულა აქვს.
„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 2:0 (1:0)
მილანი, „ჯუზეპე მეაცა“
„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი; ჰაკიმი, ბარელა, ბროჟოვიჩი, ვიდალი (გალიარდინი 77), იანგი (დარმიანი 72); ლუკაკუ, ლაუტარო (სანჩესი 86)
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი, ფრაბოტა (ბერნარდესკი 58); კიეზა, ბენტანკური, რაბიო (მაკკენი 58), რემზი (კულუშევსკი 58); მორატა, რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 1:0 ვიდალი (12), 2:0 ბარელა (52)
გაფრთხილება: იანგი (60), ბარელა (67) - ბონუჩი (36), მორატა (62)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 0:3
მსაჯი: დანიელე დოვერი