კვიპროსის ჩემპიონატის მეოცე ტურში „ანორთოსისმა“ „ნეა სალამინა“ 2:0 დაამარცხა და ერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. მატჩის შემდეგ ფამაგუსტელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა.
ქართველმა სპეციალისტმა მასთან კონტრაქტის შესაძლო განახლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ წინადადება კლუბისგან არ მიუღია.
„ვულოცავ ჩემს გუნდს, რთული თამაში მოვიგეთ, დერბი, რომელიც ყოველთვის საინტერესოა. კარგია, რომ ზედიზედ მესამე მატჩში ვიმარჯვეთ და თან გოლსაც არ ვუშვებთ. წინ ვიხედებით და მიუხედავად იმისა, რომ „აპოელი“ კარგ ფორმაში არ არის, ყოველთვის დერბია და რთული თამაში გველოდება. რა შეიცვალა დაცვაში? რამდენიმე ახალი მოთამაშე მოვიდა და დაცვაში კარგად ვთამაშობთ, მაგრამ არა მხოლოდ დაცვაში. ჯერჯერობით სატურნირო ცხრილში ყურების დრო არ არის, ყველა გუნდი ცდილობს ქულების მოპოვებას.
ტრანსფერები? არ ვიცი, ჯერ კიდევ არის რამდენიმე დღე დარჩენილი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. ახალი კონტრაქტი? არა. ჩემი ნამუშევარი უნდა შეფასდეს, მაგრამ ჯერ არ შეუფასებიათ“, - თქვა ქეცბაიამ.
„ანორთოსისს“ 39 ქულა აქვს და ლიდერთა დუეტს, „ომონიასა“ და „აპოლონს“ 1 ქულით ჩამორჩება. თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო ტურში 24 იანვარს, ნიქოზიის „აპოელს“ ესტუმრება.