ფეხბურთი

18:17 | 16.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "იუვენტუსი" სხვა იტალიური გუნდებისთვის ამოსავალი წერტილია"

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში ცენტრალური მატჩი „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის გაიმართება. „დიდი იტალიური დერბი“ საყოველთაო ყურადღების ცენტრშია და ამჯერადაც ასეა.

მატჩის წინ მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და ყოფილი გუნდის მიმართ კომპლიმენტები არ დაუშურებია. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „იუვენტუსი“ დანარჩენი იტალიური გუნდებისთვის ამოსავალი წერტილია.

„ეს იქნება მატჩი ორ გუნდს შორის, რომლებსაც გამარჯვების ამბიცია აქვთ. ვფიქრობ, ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ერთნაირი გამოწვევაა. გარდაუვალია, რომ „იუვენტუსი“ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს, რადგან ბოლო წლებში იტალიაში დომინირებს. გუნდს, როდესაც სურს გაიგოს, თუ რა დონეზეა, „იუვენტუსთან“ გაიგებს, ის არის ამოსავალი წერტილი.

არ მინდა ჩემპიონობის ფავორიტების დასახელება. დიდი პატივი უნდა ვცეთ გუნდს, როელიც 9 წელია დომინირებს და სურს მეათე სკუდეტო მოიგო. პატივისცემა მინიმუმია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რაც მათ გააკეთეს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ წარსულში მსგავსი დომინაცია არ ყოფილა. ვიცით, რომ ახლა მათთან უფრო ახლოს ვართ, რადგან მახსოვს ჩემპიონატები, როდესაც „იუვე“ ყველა გუნდს 20-25 ქულით უსწრებდა და ეს კარგი არ იყო.

ვფიქრობ, არცერთ გუნდს არ ამოუვსია „იუვენტუსთან“ არსებული სიცარიელე. 9 წლის განმავლობაში ისინი დომინირებდნენ, ყოველთვის ახეხებდნენ შემადგენლობის შეცვლას, ზოგჯერ გაახალგაზრდავებას, გამოცდილი მოთამაშეების დამატებას. ეს არის გამარჯვებული მენტალიტეტის გუნდი, რომელმაც ბოლოს კიეზა, მორატა, კულუშევსკი და მაკკენი დაიმატა. უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველწლიურად ცდილობენ შემადგენლობა გააუმჯობესონ. არ არსებობს გუნდი, რომელმაც შეავსო ის უფსკრული, რაც „იუვესთან“ არსებობს. თუმცა, არიან გუნდები, რომლებმაც მოუმატეს და მათ შორის „ინტერიც“ იხვეწება. შეგვიძლია კონკურენტუნარიანობა გავზარდოთ“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩი 17 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მილანელები ტურინელებს ამ დროისთვის 4 ქულით უსწრებენ, მაგრამ თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. საინტერესო იქნება კონტესა და ანდრეა პირლოს დაპირისპირებაც, ისინი ერთად „იუვენტუსში“ 2011-2014 წლებში მუშაობდნენ. კონტეს „იუვეში“ 1991-2004 წლებში, როგორც ფეხბურთელსაც უთამაშია.

0.113338