ფეხბურთი

23:15 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაშფორდი: "პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი გუნდი გვყავს"

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოს დახმარებით მეტოქის საჯარიმოში უფრო ჭკვიანურად დაიწყო თამაში. "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ბოლო ორი წლის განმავლობაში იმაზე მეტი პენალტი აქვს მოპოვებული, ვიდრე მის გუნდს ბოლო თითქმის ექვსი სეზონის პერიოდში. რაშფორდმა აღნიშნა, რომ შემტევები არ ფიქრობენ მეტოქის საჯარიმოში წაქცევას და მათი მიზანი გოლის გატანაა ნებისმიერი შესაძლებლობებიდან.

"შეტევის ხაზს სურს შევიდეს საჯარიმოში და გოლი გაიტანოს. როდესაც შეიჭრები საჯარიმოში ან დრიბლინგს აკეთებ, შენ არ ფიქრობ წაქცევაზე და ცდილობ ნებისმიერი შესაძლებლობა გოლით დაასრულო. საჯარიმოში არ აპირებ ბურთის დათმობას, რადგან გოლის გატანა გინდა, ხოლო მეტოქე ბურთის ართმევას ცდილობს და ასეთ ეპიზოდებში თერთმეტმეტრიანები ინიშნება ხოლმე. მაგრამ ზოგჯერ იყო პერიოდები, როდესაც პენალტებს არ გვაძლევდნენ.

მახსოვს, როდესაც ჟოზე მოურინიო იყო ჩვენი მწვრთნელი, ხუთჯერ ან ექვსჯერ პენალტი უნდა დაენიშნათ. ჟოზემ მითხრა, რომ თუ გონებამახვილურად არ გავაკეთებდი ჩემ საქმეს საჯარიმოში, მაშინ ჩემს წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევას არ დააფიქსირებენ. ამის შემდეგ რამდენიმე პენალტი დაინიშნა. განვითარების პროცესში ყველაფერი უნდა ისწავლო და გაანალიზო." - განუცხადა Football Writers` Association-ს რაშფორდმა.

რაშფორდმა ინტერვიუს პერიოდში ხაზი გაუსვა მისი, ანტონი მარსიალის და ბრუნუ ფერნანდეშის როლს გუნდში. მარკუსმა აღნიშნა, რომ ამ სამეულის შეთამაშებით, "იუნაიტედი" ამ სეზონში უფრო სახიფათო გუნდი გახდა. აღნიშნულ ტრიოს ჯამში 20 გოლი და 15 საგოლე გადაცემა აქვთ შესრულებული.

"საბოლოო ჯამში, ჩვენ უფრო სახიფათოები ვართ, გოლის გატანა ნებისმიერ დროს შეგვიძლია, მაგრამ ასევე შეგვიძლია უფრო უკეთ ვითამაშოთ. მჯერა, რომ ეს ჯერჯერობით დასაწყისია იმ შეთამაშებისა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ერთმანეთის კარგად გვესმის. თავდასხმის ხაზს, რომელიც გუნდს ჰყავს შეუძლია მრავალფეროვნად ითამაშოს, განსხვავებულ პოზიციებზე, განსხვავებული ფეხბურთელებით. შეგვიძლია ძლიერები ვიყოთ და ეს უნდა იყოს წარმატების გასაღები, რადგან თუ ტურნირების მოგება გინდა, მაშინ მრავალფეროვნებაა საჭირო. მჯერა, რომ პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი გუნდი გვყავს, განსაკუთრებით თავდამსხმელები. ეს უბრალოდ დასაწყისია, განვითარება და პროგრესი გვჭირდება." - აღნიშნა რაშფორდმა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპონობის ერთ-ერთი კანდიდატი გახდა და კვირას მოქმედ ჩემპიონს "ლივერპულს" სტუმრად დაუპირისპირდება. "წითელი ეშმაკები" პირველ ადგილზე არიან და "მერსისაიდელებს" სამი ქულით უსწრებენ. ტითქმის ოთხი წელიწადია გასული, მას შემდეგ რაც "წითლებმა" საშინაო მატჩი "კრისტალ პალასთან" წააგეს, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" ბოლო ათი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოუგო.

"რთულია მათი სტუმრად დამარცხება. საქმე მარტივადაა, მათთან მოსაგებად ჩვენ საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ თავი. "ლივერპულთან" და "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრებზე უკეთესი არ არსებობს. ეს ისეთი თიპის თამაშებია, რომ მოუთმენლად ელოდები და გინდა გოლი გაიტანო. ჩვენი გუნდი ჯერჯერობით კვლავ განითარების პროცესშია, კარგ ფორმაში ვართ და შევეცდებით მომავალ მატჩში მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინოთ თავი."

რაშფორდმა მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 14 გოლი გაიტანა. ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2012/13 წლების სეზონში მოიგო პრემიერლიგა და მაშინ მარკუსი ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა. სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ გუნდი ლიდერებში აღარაა, თუმცა რეშფორდს სჯერა, რომ ულე გუნარ სულშერის ტაოსნობით, გუნდს შესწევს ძალა წარმატებას მიაღწიოს.

"ლიდერობისთვის ჩვენ ახლა უფრო მზად ვართ, ვიდრე ორი წლის წინ და მზად ვართ ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ. ჯერჯერობით ასოციაციის თასზე ვასპარეზობთ, ხოლო პრემიერლიგის დასრუებამდე კიდევ დრო რჩება. შევეცდებით ორივე ტიტული მოვიპოვოთ და პროგრესი გავაგრძელოთ. ჩვენ ტურნირების მოგება გვინდა და ეს ყოველთვის იყო კლუბის მიზანი." - დაამატა რაშფორდმა.

0.115326