ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ შესაძლოა თემურ ქეცბაიას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. ქართველ სპეციალისტს კვიპროსულ გუნდთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მისი მუშაობით კმაყოფილია.
კვიპროსული მედიის ცნობით, იგეგმება, რომ ქეცბაიას კონტრაქტის 2023 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებენ. თუმცა, Larnakasports-ს კლუბში უთხრეს, რომ ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ და ახალი კონტრაქტის ცნობა ამ ეტაპზე არ დაადასტურეს.
მიუხედავად ამისა, ცხადია, მხარეებს შორის არსებობს აზრთა თანხვედრა და მუშაობის გაგრძელების სურვილი. განახლებული კონტრაქტით ქართველი მწვრთნელის პირობები სავარაუდოდ, მკვეთრად უნდა გაუმჯობესდეს.
შეგახსენებთ, თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ ლეგენდად მიიჩნევა. ჯერ როგორც ფეხბურთელი იყო გამორჩეული ფამაგუსტურ გუნდში, შემდეგ მთავარი მწვრთნელის რანგში მიაღწია უდიდეს წარმატებას და 2008-2009 წლების სეზონში პირველად ისტორიაში „ანორთოსისი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. გარდა ამისა, ორჯერ მოაგებინა კვიპროსის ჩემპიონატი, მიმდინარე სეზონში კი ამ დროისთვის მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის ისევ იბრძვის.