სხვა

11:42 | 14.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრის ფრუმი ტურ დე ფრანსის მეხუთედ მოგებას აპირებს

ტურ დე ფრანსის ოთხგზის ჩემპიონი, ბრიტანელი კრის ფრუმი არ მალავს, რომ ახალ გუნდთან ერთად, პრესტიჟული ველომარათონის მეხუთედ მოგებას, ამ სეზონშივე აპირებს. ის ამბობს, რომ „ინეოსიდან“ „ისრაელ სტარტ-აპ ნეიშენში“ გადასვლის შემდეგ, დამატებითი სტიმული მიიღო, რაც რთული მიზნის მიღწევაში დაეხმარება.

ფრუმმა 2019 წლის კრიტერიუმ დუ დოფინის რბოლისას მომხდარ ავარიაში მიღებული ტრავმების მოშუშებას დიდი დრო მოანდომა. ტრასაზე დაბრუნებულმა კი, გასული სეზონის რბოლებისთვის კარგად მომზადება ვერ მოასწრო. მან „ტიმ სკაისთან/ტიმ ინეოსთან“ 11-წლიანი წარმატებული ურთიერთობა დაასრულა და ახალ გუნდთან ერთად, პრაქტიკულად თავიდან იწყებს აღმასვლას.

ფრუმი ამბობს, რომ მას ეს გადასვლა სჭირდებოდა, რადგან „ინეოსში“ ერთ ადგილს ტკეპნიდა. „ერთსა და იმავე გუნდში წლების გატარება კოპირებას ჰგავს. ჩემი კარიერის ამ ეტაპზე გუნდის გამოცვლა, საკმაოდ დიდ სტიმულს და მოტივაციას მაძლევს. ეს სრულიად ახალი პროექტია, ახალი ეტაპია, ეს კი მეტ ხალისს მანიჭებს“, - ამბობს ფრუმი.

ფრანგულ ტურზე მეხუთედ გამარჯვების შემთხვევაში, ის ლეგენდარული ჟაკ ანკეტილის, ედი მერქსის, ბერნარ ინოს და მიგელ ინდურაინის მიღწევას გაიმეორებს. ფრუმი ახლა 35 წლისაა, მაგრამ იმის არაფერი ეტყობა, რომ ხელების ჩამოშვებას აპირებს. ბრიტანლი ველომრბოლი ამბობს, რომ ყველა პრობლემა მოაგვარა, რომლებმაც ტრავმის შემდგომ, მის სრულფასოვან დაბრუნებას ხელი შეუშალა.

„ამ ზამთარში ყურადღება იმაზე გავამახვილე, რომ ტრავმის შემდგომ დარჩენილი პრობლემები გადამეჭრა. ახლა კი, ახალი სეზონის წინ, მართლაც ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ. ჩემი მიზნები არ შეცვლილა. უმაღლეს დონეზე დაბრუნება, ტურ დე ფრანსზე და სხვა დიდ ტურებზე გამარჯვებებისთვის ბრძოლა მსურს“, - დასძენს ფრუმი.

ის ახალი სეზონის დაწყებას არგენტინაში, სან ხუანის ვუელტაზე აპირედა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს რბოლა გადაიდო. ამიტომ, ფრუმის პირველი რბოლა ვოლტა აო ალგარვე (პორტუგალია) იქნება, რომელიც 17 თებერვალს დაიწყება.

0.11337