"მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილი მცველი ტიმოთი ფოსუ-მენსა კარიერას "ლევერკუზენში" გააგრძელებს. როგორც "ფარმაცევტების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გააფორმა.
ჯერჯერობით ინგლისურ და გერმანულ კლუბებს ტრანსფერის თანხა არ დაუსახელებიათ, თუმცა transfermarkt-ის ინფორმაციით, მცველის სანაცვლოდ "ლევერკუზენმა" 1.7 მილიონი ევრო გადაიხადა.
ფოსუ-მენსა "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია და "მანჩესტერის" ასაკობრივ, 18-წლამდელთა გუნდში 2014 წელს გადავიდა. პირველ გუნდში ჰოლანდიელი 2016 წელს დააწინაურეს, ხოლო მას შემდეგ "კრისტალ პალასსა" და "ფულჰემში" იყო განათხოვრებული. კლუბში ულე გუნარ სულშერის მოსვლის შემდეგ, ნორვეგიელი ტიმოთის აღარ ენდობოდა და არც სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.