ფეხბურთი

15:52 | 11.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუსული გამოცემა კვარაცხელიაზე: "რუბინზე ხვიჩას ხსენების გარეშე აღარავინ საუბრობს"

რუსულმა ვებგვერდმა Soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის 16-ვე გუნდიდან თითო ფეხბურთელი გამოარჩია. ძირითადად აქცენტი გუნდების ვეტერანებზე და სიმბოლოებზე გააკეთეს, გამონაკლისი მხოლოდ „რუბინია“, საიდანაც გამოცემამ ხვიჩა კვარაცხელია გამოჰყო.

„რუბინს“ არ ჰყავს ფებხურთელი, რომელსაც კლუბში მინიმუმ 50 მატჩი აქვს ჩატარებული, ამიტომ გამოვყოფთ იმას, ვისზეც ყველაზე მეტად საუბრობენ. ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მთავარი დრიბლიორი და ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა, რომელსაც დიდი მომავალი ელოდება. „რუბინზე“ არცერთი საუბარი არ არსებობს ახალგაზრდა ქართველის გარეშე“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტის მოპოვებაც შეძლო.

აქვე გეტყვით, რომ რუსეთის ჩემპიონატში ამჟამად ზამთრის პაუზაა და სეზონი 27 თებერვლიდან განახლდება.

0.124798