ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული სტარტი აიღო და პირველი წრე გადალახა.
მარიამმა, რომელიც WTA-ს რეიტინგში 192-ე ნომერია, ინდოელი კარმან ტანდი (626-ე ნომერი) ორ სეტში დაამარცხა. თუმცა, ბოლქვაძეს რთული თამაში ჰქონდა და ორივე სეტი ტაიბრეიკზე მოიგო - 7:6 (7:4), 7:6 (7:4).
თამაში 2 საათსა და 29 წუთს გრძელდებოდა. მარიამმა 2 ეისი შეასრულა, 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ქართველი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე წრეში რუს მარგარიტა გასპარიანს დაუპირისპირდება.
აქვე გეტყვით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა ეკატერინე გორგოძე, რომელიც ხორვატ იანა ფეტთან ორ სეტში 3:6, 3:6 დამარცხდა.