მოულოდნელი შედეგით დასრულდა შვეიცარიის სამთო კურორტ ადელბოდენში, მამაკაცთა შორის გამართული სლალომის რბოლა. ავსტრიელმა მარკო შვარცმა თავის კარიერაში პირველად მოიგო მსოფლიო თასის სლალომი. მან 0.14 წამით აჯობა გერმანლ ლინუს შტრასერს და 0.15 წამით - ბრიტანელ დეივ რაიდინგს.
შვარცისგან გამარჯვება მეტნაკლებად მოსალოდნელი იყო - სლალომის წინა შვიდ რბოლაში ის კვარცხლბეკზე ასვლას ახერხებდა, მაგრამ პირველი საფეხური აქამდე არასდროს დაუკავებია. მსოფლიო თასზე მას კომბინირებული რბოლა (1 დაშვების და 2 სლალომის ჯამი) 2019 წელს აქვს მოგებული (ვენგენი, შვეიცარია), ოსლოში კი იმავე წელს ქალაქის შეჯიბრში (სიტი ევენტ - სლალომი მეტოქესთან პირისპირ) გაიმარჯვა.
დღევანდელი რბოლისას, მონაწილეთა უმეტესობას, მეორე ცდის შესრულება გაუჭირდა. მათ შორის ყველაზე სწრაფი და უშეცდომო შვარცი აღმოჩნდა. შტრასერი ამ სეზონამდე, მსოფლიო თასის სლალომზე, კვარცხლბეკზე არასდროს ასულა. მაგრამ წინა კვირაში ზაგრებში გაიმარჯვა, ახლა კი თავის მონაგარს მეორე ადგილიც დაუმატა.
რაც შეეხება რაიდინგს, ის ხშირად, მსოფლიო თასის შეჯიბრების ერთადერთი ბრიტანელი მონაწილეა ხოლმე. ვეტერანი ბრიტანელი აქამდე კვარცხლბეკზე მხოლოდ ერთხელ ასულა (სლალომში), დღეს კი მეორე დაუმატა.
კარგი ამინდის მიუხედავად, ტოპ 30 მოთხილამურიდან, უმეტესობამ სერიოზული შეცდომები დაუშვა, ან ტრასას ასცდა. ფერდობ ზილ ჰანგზე, განსაკუთრებით რთული გასავლელი გამოდგა ბოლო მონაკვეთი. პირველი ცდის შემდეგ, ლიდერი ფრანგი კლემენ ნოელი იყო. მაგრამ საბოლოოდ, ის მერვე ადგილს დასჯერდა.







