ფეხბურთი

10:26 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ეს თამაში უნდა გადადებულიყო, არც ვიცით მადრიდში როდის დავბრუნდებით"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი „ოსასუნასთან“ (0:0) მატჩით უკმაყოფილო დარჩა, ოღონდ არა საკუთარი გუნდის თამაშით, არამედ ლა ლიგის გადაწყვეტილებით მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ესპანეთში დიდთოვლობაა და რამდენიმე თამაში გადაიდო, იგივე საფრთხე ემუქრებოდა პამპლონურ მატჩსაც, რომელიც საბოლოოდ ჩატარდა და „რეალმა“ არასაფეხბურთო პირობებში ორი ქულა დაკარგა.

„მოედანზე ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ეს არ ჰგავდა საფეხბურთო მატჩს. ძალიან რთული პირობები იყო. ყველაფერი, რაც ამ ორ დღეში მოხდა, ძალიან ძნელი გახლდათ. ისიც არ ვიცით მადრიდში როდის დავბრუნდებით.

ცხადია, „ოსასუნასთან“ მატჩი უნდა გადადებულიყო, არ იყო დაცული ფეხბურთის სათამაშო პირობები. ახლა აზრი არ აქვს დეტალებზე საუბარს, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც გვითხრეს, ვითამაშეთ - ეს არის და ეს. უნდა ვიფიქროთ ენერგიის აღდგენაზე, მიუხედავად იმისა, არ ვიცით მადრიდში დღეს დავბრუნდებით თუ ორშაბათს. ოთხშაბათს კიდევ ერთი თამაში გვაქვს“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, მადრიდის „რეალს“ 18 ტურის შემდეგ 37 ქულა აქვს და ლიდერ „ატლეტიკოს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება, მაგრად დიეგო სიმეონეს გუნდს 3 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

0.101912