ოთხი მთის ჩემპიონმა, პოლონელმა კამილ შტოხმა, ტრამპლინის მსოფლიო თასზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად მან გერმანიის ტიტიზეეში გაიმარჯვა. მეორე ცდაზე მან ყველაზე გრძელი, 144-მეტრიან ნახტომი შეასრულა და ჯამში ყველაზე მეტი, 281.6 ქულა დააგროვა.
4 მთის და ოლიმპიური თამაშების 3-გზის ჩემპიონმა ოთხი ქულით აჯობა ნორვეგიელ ჰალვორ ეგნერ გრანერუდს, მესამე ადგილი კი პოლონელმა პიოტრ ზილამ დაიკავა. პირველი ცდის შემდეგ, ლიდერი კიდევ ერთი პოლონელი, დავიდ კუბაცკი იყო, მაგრამ საბოლოოდ ის მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.
ამგვარად შტოხმა, ვინც ოთხი მთის მესამე ტიტული რამდენიმე დღის წინ მოიპოვა, ტრამპლინში წელს გამართული ყველა შეჯიბრი მოიგო. თუცა მსოფლიო თასზე ლიდერი კვლავაც გრანერუდია, ვისაც 848 ქულა დაუგროვდა. მეორეზე მყოფ გერმანელ მარკუს აიზენბიხლერს 634 ქულა აქვს, შტოხი კი 608 ქულით მესამეზეა.
„ჩემ დღევანდელი ნახტომებით კმაყოფილი ვარ. დავიდის გამო ვწუხვარ, რადგან მას მეორე ცდის შესრულებამ ცუდ პირობებში მოუწია. მაგრამ ეს ტრამპლინია და მსგავსი რამ ხდება ხოლმე. ამინდი ხშირად იცვლებოდა, ქარი ხან უკნიდან უბერავდა, ხან წინიდან და ხან გვერდიდან. მე კი გამიმართლა და კარგი ნახტომები გამომივიდა“, - განაცხადა შტოხმა.







