ნიდერლანდელი ფეხბურთელი როისტონ დრენტე 2007 წელს როტერდამის „ფეიენოორდიდან“ მადრიდის „რეალში“ დიდი მოლოდინით გადავიდა, მაგრამ თავისი ნიჭის წარმოჩენა არათუ მადრიდში, არამედ კარიერაში ვერ შეძლო.
ამ დროისთვის 33 წლის ნახევარმცველი ისევ ესპანეთშია და „მურსიას“ რიგებში ირიცხება. მან ესპანურ მედიასთან განაცხადა, რომ 7 შვილი ჰყავს - 4 სხვადასხვა ქალისგან.
„7 შვილი მყავს 4 სხვადასხვა ქალისგან, მაგრამ ახლა მარტო ვარ. ამჟამად არ ვარ სათამაშო კონდიციაში, სამი კილოგრამი უნდა დავიკლო. ორშაბათიდან დიეტას დავიცავ. სამწუხაროდ, ყოველთვის ბევრს ვჭამდი. ჩემი დეიდები ყოველთვის კარგი კულინარები იყვნენ.
„რეალთან“ მშვენიერი მოგონებები მაქვს. მადრიდი ჩემი სახლია. თავიდან საუკეთესო მეგობარი რობინიო იყო, შემდეგ გუტი“, - თქვა დრენტემ.
როისტონ დრენტემ კარიერის განმავლობაში „ფეიენოორდის“, „რეალის“, „ჰერკულესის“ „ევერტონის“, „ალანიას“, რასინგის“, „შეფილდ უენსდის“, „კაისერისპორის“ და როტერდამის „სპარტას“ ღირსება დაიცვა.