ჩოგბურთი

10:25 | 8.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ავსტრალიის ღიაზე ოჯახის გამო არ ითამაშებს

როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობაზე, 1998 წლის შემდეგ პირველად არ ითამაშებს. როგორც ტენის ავსტრალიას მოთამაშეებთან ურთიერთობის ოფიციალური პირი, ანდრე სა ამბობს, ამის რეალური მიზეზი, არა შვეიცარიელის მოუმზადებლობა, არამედ ავსტრალიაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებია, რაც მის ოჯახსაც შეეხება.

39 წლის ჩოგბურთელს ავსტრალიის ღიაზე შარშან გამოსვლის შემდეგ, პრაქტიკულად არ უთამაშია. მან მუხლზე ორი ოპერაცია გაიკეთა და სეზონის ბოლომდე კორტზე არ გამოსულა. თუმცა ახალი სეზონისთვის ფიზიკურად მზად არის და დიდი სლემის ტურნირზე გამოსვლას გეგმავდა. მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მელბურნში შეზღუდვების შესახებ გახდა ცნობილი.

„ფედერერის ჩამოუსვლელობის მთავარი მიზეზი კარანტინია. მე მას ერთი თვის წინათ ვესაუბრე. მას ორი ვარიანტი აქვს. ჩამოვა ოჯახთან ერთად და კარანტინს გაივლის. პრობლემა ისაა, რომ მირკა (ფედერერის მეუღლე) და მათი შვილები, 14 დღე ოთახიდან ვერ გავლენ. გამონაკლისი მხოლოდ მოთამაშეებზეა. ისინი ვარჯიშზე გავლენ და უკან დაბრუნდებიან. მირკას ეს იდეა არ მოეწონა. მეორე ვარიანტით, ის მარტო ჩამოვა. მაგრამ ამ შემთხვევაში, ოჯახისგან განშორება, სულ ცოტა, ხუთი კვირით მოუწევს. და მან მითხრა, 39 წლის ვარ, ოთხი შვილი მყავს, დიდი სლემის 20 ტურნირი მაქვს მოგებული. ის დრო აღარაა, რომ ოჯახისგან მოშორებით ხუთი კვირა გავატარო“, - ამბობს სა.

0.130764