ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინოს დებიუტი შედგა. თუმცა, წარმატებული არ გამოვიდა, რადგან პარიზულმა გუნდმა „სენტ ეტიენს“ ვერ მოუგო (1:1) და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
არგენტინელმა სპეციალისტმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ იმედგაცრუებულია:
„რა თქმა უნდა, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩვენ პსჟ ვართ და უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ მხოლოდ 3 დღე გვქონდა მოსამზადებლად. საკმაოდ ბევრია სამუშაო და ბევრი რამის გაუმჯობესება გვჭირდება.
ასეთ შედეგს არ ველოდით, თუმცა „სენტ ეტიენმა“ ეს შედეგი დაიმსახურა. პრაქტიკაში სხვადასხვა რამ უნდა გამოვცადოთ და მოხარული ვარ, რომ მოთამაშეებმა ეს უკვე სცადეს. კმაყოფილი ვარ ქმედებებით და დამოკიდებულებით, მაგრამ ბურთით თამაშის კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ“, - თქვა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს 18 ტურის შემდეგ 36 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ „ლიონს“ 3 ქულით ჩამორჩება.