იტალიის სერია A-ს მე-16 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში ვითარება უცვლელი დარჩა, მაგრამ „იუვენტუსი“ სკუდეტოსთვის ბრძოლას დაუბრუნდა. ამის თქმა უკვე თამამად შეიძლება, რადგან „იუვემ“ ძალზე მნიშვნელოვანი თამაში მოიგო, არამხოლოდ ქულების, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
სუპერმატჩი „სან სიროზე“ შედგა, სადაც ლიდერმა „მილანმა“ უმასპინძლა „იუვენტუსს“. თუ ანდრეა პირლოს გუნდი წააგებდა, საჩემპიონო ამბიციას პრაქტიკულად დაკარგავდა, ხოლო „მილანმა“ უკვე იცოდა, რომ „ინტერს“ წაგებული ჰქონდა და უპირატესობის გამყარება შეეძლო.
თუმცა, „ბიანკონერიმ“ შეცდომა არ დაუშვა და „მილანის“ დაუმარცხებელი სერიაც წარსულს ჩააბარა. ამ მატჩს ერთი გმირი ჰყავდა - ის არც კრიშტიანუ რონალდუ იყო და არც პაულო დიბალა - არამედ, ფედერიკო კიეზა! „იუვენტუსმა“ კარგად ითამაშა, იცოდა რას აკეთებდა და დამსახურებულად მოიგო. უნდა აღინიშნოს, რომ „მილანის“ ლიდერი ტეო ერნანდესი ანდრეა პირლოს გუნდმა გაანეიტრალა და უფრო მეტიც, ფრანგმა დაცვით ფაზაში კატასტროფულად ითამაშა! სწორედ, მის სინდისზეა კიეზას ორივე გოლი.
ფედერიკომ მე-18 წუთზე პაულო დიბალასთან გათამაშებული კედლის შედეგად გაიტანა. არგენტინელმა ქუსლით საოცარი გადაცემა გააკეთა, კიეზა ერნანდესს დაუსხლტდა, ცარიელი სივრცე მოძებნა და გაიტანა. მას მანამდეც შეეძლო გატანა, მაგრამ ძელმა იხსნა მასპინძელი გუნდი.
გოლის შემდეგ „იუვემ“ უკან დაიხია და შეცდომა დაუშვა. ადრიენ რაბიომ მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგა და სწრაფი კონტრშეტევა დავიდე კალაბრიამ გოლით დაასრულა. სხვათა შორის, ნამატჩევს ანდრეა პირლომ აღნიშნა, რომ რაბიოზე თამაშის წესი დაირღვა და გოლი უნდა გაუქმებულიყო. მას რამდენიმე ვეტერანი იტალიელი მსაჯიც დაეთანხმა. მოკლედ, საკამათო სიტუაცია იყო, მაგრამ ფაქტია, „მილანის“ გოლი ჩაითვალა და ანგარიში გათანაბრდა. მეორე ტაიმში ტურინულმა გუნდმა შეცდომა აღარ დაუშვა და ორი უპასუხო გოლი გაიტანა. ისევ კიეზა! ფედერიკომ 62-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან შორეულ კუთხეში გაუტანა ჯანლუიჯი დონარუმას და - 1:2.
„იუვემ“ საკონტროლო გასროლაც მოახდინა. ამჯერად, თავი ცვლილებაზე შესულმა ვესტონ მაკკენიმ გამოიჩინა, რომლის გოლი დეიან კულუშევსკის დამსახურება იყო. „იუვენტუსმა“ 3:1 მოიგო და 30 ქულას მოუყარა თავი. „მილანს“ 7 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული და პოტენციურად ეს ჩამორჩენა 4 ქულაა. „მილანმა“ კი ლიდერობა მაინც შეინარჩუნა, სტეფანო პიოლის გუნდისთვის ცუდი ის არის, რომ 10-თვიანი და 27-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. სხვათა შორის, „როსონერის“ სერია A-ში 304 დღის განმავლობაში არ ჰქონდა მარცხი განცდილი.
„მილანი“ ისევ ლიდერი რომაა, ეს გენუის „სამპდორიას“ დამსახურებაა, რომელმაც მილანის „ინტერი“ დაამარცხა. კლაუდიო რანიერის გუნდმა „ნერაძურის“ ყოფილი ფეხბურთელების გოლებით მოუგო. პირველივე ტაიმში ანტონიო კანდრევამ და კეიტა ბალდემ გაიტანეს და ანტონიო კონტეს შეგირდებმა ნაანტრაქტევს მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს.
წააგო „ნაპოლიმაც“, რომელიც შინ „სპეციას“ დაუხვდა, იგებდა კიდეც, მაგრამ შემდეგ 2 გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა. სხვთა შორის, ჯენარო გატუზოს გუნდს მაშინ დაუქამბექეს, როცა რიცხობრივ უმრავლესობაში იმყოფებოდა... გამარჯვებები მოიპოვეს დედაქალაქურმა გუნდებმაც. „რომამ“ სტუმრად „კროტონეს“ ადვილად აჯობა 3:1, ხოლო „ლაციომ“ შინ „ფიორენტინა“ 2:1 დაამარცხა.
„მილანი“ – „იუვენტუსი“ 1:3 (1:1)
მილანი, „სან სირო“
„მილანი“ (4-2-3-1): დონარუმა; დალოტი (მალდინი 81), კიაერი (კონტი 81), რომანიოლი, ერნანდესი; კალაბრია (კალულუ 81), კესი; კასტილიეხო (კოლომბო 87), ჩალჰანოღლუ, ჰაუგე (დიასი 67); ლეაო
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ფრაბოტა (დემირალი 87); კიეზა (კულუშევსკი 63), რაბიო, ბენტანკური (არტური 74), რემზი (ბერნარდესკი 74); დიბალა (მაკკენი 63), რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 0:1 კიეზა (18), 1:1 კალაბრია (41), 1:2 კიეზა (62), 1:3 მაკკენი (76)
გაფრთხილება: რომანიოლი (90) - ბენტანკური (60), დანილო (72)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (7) – 13 (10) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 1:0 თამაშგარე: 7:4
მსაჯი: მასიმილიანო ირატი
„კალიარი“ – „ბენევენტო“ 1:2 (1:2)
გოლები: 1:0 ჟოაო პედრო (20), 1:1 საუ (41), 1:2 ტუია (44)
„ბოლონია“ – „უდინეზე“ 2:2 (2:1)
გოლები: 1:0 ტომისაუ (19), 1:1 პერეირა (34), 2:1 სვანბერგი (40), 2:2 არსლანი (90)
„კროტონე“ – „რომა“ 1:3 (0:3)
გოლები: 0:1 მაიორალი (8), 0:2 მაიორალი (29), 0:3 მხითარიანი (35, პენ), 1:3 გოლემიცი (71)
„ლაციო“ – „ფიორენტინა“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 კაისედო (6), 2:0 იმობილე (75), 2:1 ვლაჰოვიჩი (88, პენ)
„სამპდორია“ – „ინტერი“ 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 კანდრევა (23, პენ), 2:0 კეიტა (38), 2:1 დე ვრეი (65)
„სასუოლო“ – „ჯენოა“ 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 ბოგა (52), 1:1 შომუროდოვი (64), 2:1 რასპადორი (83)
„ტორინო“ – „ვერონა“ 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 დიმარკო (67), 1:1 ბრემერი (84)
„ატალანტა“ – „პარმა“ 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 მურიელი (15), 2:0 ძაპატა (49), 3:0 გოსენსი (61)
„ნაპოლი“ – „სპეცია“ 1:2 (0:0)
გოლები: 1:0 პეტანია (58), 1:1 ნზოლა (68, პენ), 1:2 პობეგა (82)