ფეხბურთი

3:19 | 7.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესის დუბლი "სან მამესზე": "ბარსელონამ" ხასიათი გამოიკეთა

კატალონიის „ბარსელონამ“ ხასიათიც გამოიკეთა და სატურნირო ვითარებაც. რონალდ კუმანის გუნდმა ლა ლიგის სეზონის სტარტზე გამოტოვებული მატჩი „ბილბაოსთან“ ჩაატარა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ბასკების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარსელინო ტორალის დებიუტი შედგა, თუმცა წარუმატებელი. არადა, „ატლეტიკისთვის“ ყველაფერი კარგად დაიწყო და მესამე წუთზე ინიაკი ვილიამსმა ანგარიში გახსნა. თუმცა, მათი სიხარული ნაადრევი გამოდგა.

10 წუთში პედრიმ გაათანაბრა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს ლიონელ მესიმ აიღო მეტოქის კარი და ტაიმი „ბარსელონას“ მოაგებინა. მეორე ნახევარში მესიმ დუბლიც გაიფორმა, ბოლო წუთზე კი იკერ მუნიანის გოლმა მხოლოდ ანგარიში შეცვალა, მაგრამ შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა.

„ბარსელონამ“ ამასობაში 31 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე აინაცვლა, რაც პირველად მოხდა მიმდინარე სეზონში. თუმცა, „ბლაუგრანას“ საჩემპიონო რბოლაში დაბრუნებაზე საუბარი მაინც სარისკო და ნაადრევია, რადგან ლიდერი „ატლეტიკო“ 7 ქულით უსწრებს და ეს კიდევ არაფერი, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდს ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, ვიდრე „ბარსელონას“...

„ბილბაო“ – „ბარსელონა“ 2:3 (1:2)

გოლები: 1:0 ვილიამსი (3), 1:1 პედრი (14), 1:2 მესი (38), 1:3 მესი (62), 2:3 მუნიანი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102718