საქართველოს ნაკრებისა და „იბეროსტარ ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას 2020 წლის მეფედ აღიარეს. ქართველ კალათბურთელს გასული წლის განმავლობაში ჩემპიონატში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი აღმოაჩნდა და საუკეთესო გახდა.
საერთო ჯამში წლის განმავლობაში გიორგის მარგი ქმედების კოეფიეცინტი 592 გამოდგა, ხუთეული კი ასეთია:
1. გიორგი შერმადინი - 592
2. ვალტერ ტავარეში - 579
3. ნიკოლა მიროტიჩი -547
4. ფაკუნდო კამპაცო - 496
5. ბოიან დუბლიევიჩი - 433
ცნობისთვის, შერმადინმა აღნიშნულ კომპონენტში ლიგა ენდესაში მეორედ იმარჯვა. 2017 წელსაც საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა (710), ხოლო 2018 წელს გამარჯვება თორნიკე შენგელიას ერგო (791).
შერმადინი ლიგა ენდესაში 2020 წელს მოპოვებული ქულების ჯამური რაოდენობითაც საუკეთესო იყო, ოღონდ ნიკოლა მიროტიჩთან ერთად გაიყო ლიდერობა. მპოვებული ქულებით საუკეთესო ხუთეული შემდეგნაირია:
1-2. გიორგი შერმადინი - 453 ქულა
1-2. ნიკოლა მიროტიჩი - 453
3. დილან ენისი - 443
4. კლემენ პრეპელიცი - 418
5. დარიო ბრიზუელა - 415
შედარებისთვის, 2018 წელს საუკეთესო ქულებით თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 2 წლის წინ 645 ქულა დააგროვა ლიგა ენდესაში.
მოხსნებში შერმადინს მესამე ადგილი ერგო (185) და მხოლოდ ვალტერ ტავარეშსა (257) და აუგუსტო ლიმას (191) ჩამორჩა. ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ თად მაკფადენმა 2020 წელს 63 სამქულიანი ჩააგდო, რაც ლიგა ენდესაში გასულ წელს მეორე შედეგი აღმოჩნდა.
აქვე გეტყვით, რომ 2020-2021 წლების სეზონში გიორგი შერმადინი ლიგა ენდესაში საშუალოდ 25 წუთს თამაშობს და 16.4 ქულას, 6 მოხსნასა და 2.2 პასს აგროვებს. „იბეროსტარ ტენერიფე“ კი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.