ძალიან შემცდარხართ აქამდე თუ ვინმეს გეგონათ, რომ საახალწლო და საშობაო “მოსაკითხი“ მხოლოდ ქართველებმა ვიცოდით და მხოლოდ ჩვენი ნათესავები გვიგზავნიდნენ სოფლიდან შემწვარ გოჭებს, შოთის პურებს, ჩურჩხელებს, ღვინოს, ჭაჭას და სხვას... როგორც ჩანს, ეს ტრადიცია არც მეტი, არც ნაკლები, ჟოზე მოურინიოსაც სცოდნია...
ლონდონის “ტოტენჰემის“ მცველი სერხიო რეგილიონი ამბობს, რომ მას საახალწლოდ “მამლების“ პორტუგალიელმა წინაძღოლმა, სეუ ჟოზე მოურინიომ არც მეტი, არც ნაკლები, შემწვარი გოჭი გაუგზავნა მისალოცი წერილითურთ. ჟოზემ იცოდა, რომ წლის მთავარ დღესასწაულს ეს ახალგაზრდა ბიჭი მარტო ხვდებოდა და ამ გზით ეცადა მისი გახალისება.
ძველი თაობის მკითხველებს შეიძლება ახსოვდეთ ის დრო, როდესაც საქართველოში ცნობილ ადამიანებს პრეზიდენტი საახალწლოდ ინდაურებს უგზავნიდა და შემდეგ ეს ფაქტი მრავალი ქილიკისა და ხითხითის საგანიც გამხდარა. თურმე გაგანია ლონდონში მწვრთნელებსაც კი სცოდნიათ საახალწლო მოსაკითხების მიძღვნა და განსაკუთრებით სახალისოა როცა ამას უჟმურობით სახელგავარდნილი ჟოზე მოურინიო აკეთებს.