ფეხბურთი

19:11 | 5.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: "მილანი" ლიდერი დამსახურებულადაა, მაგრამ შიშის გარეშე უნდა ვითამაშოთ"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ სერია A-ს მე-16 ტურში „მილანთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ეს თამაში გადამწყვეტი არ არის და მისმა გუნდმა შიშის გარეშე უნდა ითამაშოს.

„სატურნირო ცხრილზე ყურება ჯერ ადრეა. თამაშიდან თამაშამდე უნდა გავაუმჯობესოთ შედეგები და რამდენიმე თვეში ყველაფერს დავინახავთ. ხვალინდელი მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი არ არის. მილანს დიდი ხანია არ წაუგია, ლიდერი დამსახურებულადაა, თუმცა, ჩვენ „სან სიროზე“ ჩვენი ფეხბურთის თამაშს ვეცდებით, შიშის გარეშე, რადგან ასეთი მატჩები შესანიშნავია. ასე იყო მაშინ, როდესაც ვთამაშობდი და დღესაც ასეა.

სერია A-ში მოდუნება წამითაც არ შეიძლება, კონცენტრაციის შენარჩუნება ყოველთვის საჭიროა. ხვალ მინდა საკუთარ ძალებში დარწმუნებული „იუვე“ ვიხილო და ვითამაშოთ ის ფეხბურთი, რაც გონებაში გვაქვს.

„მილანთან“ განსაკუთრებული წარსული მაკავშირებს, ცხოვრების 10 წელი, ბევრი ტიტული, მაგრამ ახლა იქ ძველი ნაცნობებიდან მხოლოდ პაოლოა. მორატა? ფიზიოთერაპიას გადი და ექიმები შეაფასებენ მის მდგომარეობას, დიბალას კი გუშინ სიცხე ჰქონდა, მაგრამ დღეს უკეთ არის და ხვალ თამაშს ალბათ მოახერხებს. კორონავირუსის ტესტის პასუხებს დღეს ველოდებით, ალექს სანდრო ამ მიზეზით გამოგვაკლდა, მაგრამ ეს საბაბი არ არის, რადგან კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გვყავს და შიში არ არსებობს“, - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, „მილანისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 6 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. „როსონერი“ 37 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია, ხოლო „ბიანკონერი“ მას 10 ქულით ჩამორჩება და მეხუთე პოზიციას იკავებს.

0.136282