ბლოგი

12:58 | 5.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

“ზამთრის ჩემპიონი“ საგაზაფხულო იმედებით

ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც “მილანი“ “ზამთრის ჩემპიონი“ არ გამხდარა. ამას ვინ ჩივის, როცა ამ ლეგენდარულ იტალურ კლუბს ევროტურნირებზე გასვლაც კი ნამეტანავად უჭირდა და თუკი გადოდა, იქაც ბეჩავად დალასლასებდა. თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ეს წლები საკუთარი თავის აჩრდილი იყოო - სწორედაც “მილანზე“, რომლის აწმყოც განსაკუთრებთ მძიმედ ძველი თაობის ქომაგებს ხვდებოდათ გულზე.

მიუხედავად ყველაფრისა, ”მილანი” იმიტომაცააგამორჩეული გუნდი, რომ მისგულშემტკივრებსაც და მომტერნეებსაცსჯეროდათ, რომ ლომბარდიული კლუბი ადრე თუ გვიან, საბოლოო ჯამში მაინც დაიბრუნებდა ძველ მრისხანებას. იტალიურმა “გაძეტა დელლო სპორტმა“ შარშან ეს გუნდი მართლაც რომ ენამახვილურად შეადარა დირექტორიის მიერ კუნძულზე გადასახლებულ ნაპოლეონს, რომელიც სანამ ცოცხალი იყო ყველამ იცოდა, რომ მტრებისთვის დაჩოქებულ მდგომარეობაშიც კი საფრთხეს წარმოადგენდა.

“მილანის“ ეს გამოღვიძება არავინ იცის საბოლოო ჯამში დასრულდება თუ არა ესოდენ ნანატრი სკუდეტოს დაუფლებით, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მომდევნო წლებში ტურინის “იუვენტუსს“ აპენინზე ჰეგემონობა ძველ დროზე ბევრად გაუჭირდება. “მილანის“ გარდა კარგა გვარიანი ამბიციები დაუგროვდა მათ უძველეს მეტოქე “ინტერს“. გუნდს დაემსგავსა მუდმივად კრიზისში მყოფი რომის “ლაციო“, პრობლემების მიუხედავად, ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევი ძალაა “ნაპოლი“. არ უნდა დაგვავიწყდეს “რომაც“, რომელიც ტრადიცულად იბრძოლების სატურნირო ცხრილში მაღალი ადგილების დასაკავებლად. ხოლო ბერგამოს “ატალანტა“ რა “ეშმაკის ფეხი“ გუნდიცაა - ჩემზე კარგად მოგეხსენებათ.

მოკლედ, მიმდევნო ოთხი თვე წესით ძალიან რთული და უმძმესი იქნება სტეფანო პიოლისთვის, რომელსაც დასამტკიცებელი აქვს, რომ “მილანის“ პირველადგილოსნობა შემთხვევითი არაა და აღებული ტემპის შენარჩუნება მის გუნდს ჩემპიონატის ფინიშზეც ძალუძს.

იტალიის საფეხბურთო პირველობაში კარგად ჩახედული ხალხი იმედია დამერწმუნება, რომ “სერია ა“-ს დასკვნითი პერიოდი და ამ დროს გუნდების მდგომარეობა ყველაზე კარგად წარმოაჩენს ხოლმე ოთხ მთავარ ფაქტორს:

1. რომელ კლუბს ჰყავს გრძელი და დასვენებული სათადარიგო სკამი, მუდმივად ძირითადში მყოფი მოთამაშეების ღირსეულად შესაცვლელად. 2. რომელი გუნდის მწვრთნელს ძალუძს ძალების სწორად გადანაწილება იტალიის პირველობაში, იტალიის თასზე და ევროტურნირებზე. 3. ვის დაურბის ჭეშმარიტი ლიდერი ფეხბურთელები, რომლებიც ბოლომდე შეძლებენ გუნდის წარმატებამდე მიყვანას. 4. რომელი გუნდის პრეზიდენტი არაა წუწკი და ჯერ ზამთრის შემდეგ კი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეძლებს ლიდერი მოთამაშეების შენარჩუნებას.

მოკლედ, წინ დიდი ამბები გველოდება და იმედია იტალიის ჩემპიონატის 2020-2021 წლების სეზონი იმ სეზონთა შორის იქნება, რომელიც ქომაგებს არასოდეს ავიწყდებათ - ხოლმე. ბოლო წლების უდავო ლიდერ “იუვენტუსს“ არაფერს ვერჩით, მაგრამ ეს ერთფეროვნებაც დამღელია...

0.136999