NBA-ში ლოს ანჯელეს „კლიპერსი“ „ფინიქს სანსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაშ 112:107 დაამარცხა. უნდა აღინიშნოს, რომ ლოს ანჯელესელებმა პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მატჩის ბოლოს სიტუაცია დაიძაბა.
დიდი შესვენების შემდეგ „ფინიქსმა“ 20-ქულიანი ჩამორჩენის 5-მდე შემცირება შეძლო, მაგრამ წაგებას ვერ გადაურჩა.
„კლიპერსის“ რიგებში საუკეთესო პოლ ჯორჯი იყო, რომელმაც 39 ქულა, 3 მოხსნა და 4პასი მიითვალა, „ფინიქსის“ რიგებში კი დევი ბოკერი გამოირჩა 25 ქულით, 5 მოხსნით და 8 პასით. „კლიპერსი“ და „ფინიქსი“ დასავლეთ კონფერნეციაში 5-5 მოგებითა და 2-2 წაგებით „ლეიკერსთან“ ერთად პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებენ.
„სან ანტონიომ“ სეზონის სტარტზე ზედიზედ ორი თამაში მოიგო, მაგრამ უკვე მიჯრით მეოთხედ დამარცხდა. „სპურსი“ შინ „იუტა ჯაზს“ ვერ გაუმკლავდა და სოლიდური სხვაობით, 109:130 დამარცხდა. „ჯაზმენთა“ რიგებში ბოაინ ბოგდანოვიჩი იყო საუკეთესო. ხორვატმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 28 ქულა შესძინა.
ორმაგ დუბლთან ძალიან ახლოს გახლდათ დონოვან მიტჩელი, რომელმაც 22 ქულას 9 პასი და 4 მოხსნა წაამატა. „სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო 22 ქულით, 7 მოხსნით და 2 პასით კელდონ ჯონსონი გახლდათ.
ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ამჯერად სტუმრად „მემფის გრიზლი“ 108:94 დაამარცხა. მოქმედმა ჩემპიონმა პირველი პერიოდი 11 ქულით წააგო, მაგრამ შემდეგ უპირატესობა ხელთ იგდო და გამარჯვებაც ადვილად მაოხერხა.
ცხადია, „ლეიკერსის“ ამ მოგებაში ყველაზე დიდი წვლილი ლებრონ ჯეიმსმა შეიტანა, რომელმაც 22 ქულით, 13 მოხსნითა და 8 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა და სამმაგ დუბლთანაც ახლოს იყო. უსაქმოდ არც ენტონი დევისი ყოფილა, რომელმაც საკუთარ გუნდს 17 ქულა და 9 მოხსნა შესძინა. „მემფისის“ რიგებში კი კაილ ანდერსონი იყო საუკეთესო - 18 ქულა, 4 მოხსნა.
„ლეიკერსი“ 5 გამარჯვებით და 2 მარცხით დასავლეთ კონფერენციას თანაქალაქელ „კლიპერსთან“ და „ფინიქს სანსთან“ ერთად ლიდერობს და მომდევნო შეხვედრას 6 იანვარს, ისევ „მემფისის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.