კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „უესკასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ნიდერლანდელი სპეციალისტი ლიონელ მესის კონტრაქტსაც შეეხო. ნიდერლანდელის განცხადებით, არგენტინელი საკუთარ მომავალს თავად გადაწყვეტს და მასში ჩარევა არავის შეუძლია.
„მესი კარგად არის, ტერფის პრობლემა არ აქვს, ბედნიერია და გამარჯვების დიდი სურვილი აქვს. მისი მომავალი? სიტუაცია უნდა გვესმოდეს. მან ინტერვიუში განმარტა, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება და პატივისცემას იმსახურებს. თითოეულ მოთამაშეს, რომელსაც კონტრაქტი ეწურება, თავისუფლად შეუძლია აირჩიოს საკუთარი მომავალი.
კოუტინიოს ტრავმა სამწუხაროა, ის ყოველთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო ჩვენთვის და იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდება (ბრაზილიელს 3 თვე გაუცდება - რედ). ეს უდიდესი დანაკარგია, უნდა გამოვნახოთ მის შესაცვლელად გამოსავალი. რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც დიდი ხანია ტრავმირებულნი არიან.
ტრანსფერები? თუ იანვარში ახალ ფეხბურთელებს არ დავიმატებთ, ეს იქნება კლუბის არჩევანი და ფულის საკითხი. რამონ პლანესთან ერთად დავგეგმეთ მომავალი. გვაქვს გეგმა, მაგრამ ეს ახალმა პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. სუარესი? არ ვნანობ, რომ მან გუნდი დატოვა. მე ყოველთვის გამოვარჩევდი მის თვისებებს, მაგრამ ეს იყო არჩევანი მასსა და კლუბს შორის“, - თქვა კუმანმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ 25 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, „უესკას“ კი 3 იანვარს დაუპირისპირდება.