ფეხბურთი

17:24 | 2.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამანი: "ლივერპულს" სალაჰი ალბათ დატოვებს და მას იდეალურად მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვლის"

„ლივერპულს“ მოჰამედ სალაჰი მიმდინარე სეზონის შემდეგ სავარაუდოდ დატოვებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ეგვიპტელის მეგობარმა მოჰამედ აბუტრიკამ ისაუბრა და ახლა ინგლისური გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა დიტმარ ჰამანმაც იგივე თქვა.

„თუ სალაჰი წავა, რაც დიდი ალბათობით მოხდება, დომინოს ეფექტი ექნება. „ლივერპულს“ მისი შეცვლა მაშნვე მოუწევს. მსოფლიოში ორი საუკეთესო გარემარბია. სერჟ გნაბრი, რომელიც „არსენალში“ თამაშობდა და კინგსლი კომანი. არამგონია მათ „ბაიერნის“ დატოვება მოისურვონ, მაგრამ არასდროს ვიცით, რა მოხდება. ჩემთვის, საუკეთესო გარემარბი ამჟამად კომანია. მან რამდენიმე ტრავმა მიიღო, მაგრამ ფორმაში დაბრუნდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა. ის ორივე ფეხით თამაშობს, ჭკვიანი, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, დარტყმაც გააუმჯობესა. კომანი სწორი შენაძენი იქნება.

სალაჰს კი თუ წასვლა სურს, „ბარსელონა“ და „რეალი“ იქნებიან დაინტერესებულნი. როდესაც ფეხბურთელს წასვლა უნდა, ის უნდა გაუშვა და სავარაუდოდ, ზაფხულში წავა“, - თქვა ჰამანმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ იურგენ კლოპმაც ისაუბრა მოჰამედ სალაჰის შესახებ და გერმანელის განცხადებით. ეგვიპტელს „ლივერპულის“ დასატოვებლად ერთადერთი მიზეზი აქვს - ამინდი.

0.129767