ინგლისის პრემიერლიგაში „ლივერპული“ ერთპიროვნული ლიდერი აღარ არის და „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაუთანაბრდა. ოლე გუნარ სულშერის გუნდი საოცარ ფორმაშია და ბოლო დროს ქულებს პრაქტიკულად არ კარგავს.
„წითელმა ეშმაკებმა“ მორიგი გამარჯვება ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ მოიპოვეს. პირველი ტაიმის ბოლოს ენტონი მარსიალმა ანგარიში გახსნა, რასაც ბერტრან ტრაორემ 58-ე წუთზე უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 3 წუთში ბრუნო ფერნანდეშმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა 2020 წლის თებერვლის შემდეგ მე-9 პენალტი გაიტანა პრემიერლიგაში და ეს ყველაზე მაღალი შედეგია. გარდა ამისა, ბრუნომ პრემიერლიგაში 30-ე თამაშში 33-ედ მიიღო უშუალო მონაწილეობა გოლში (19 გოლი, 14 საგოლე პასი) და "მანჩესტერის" ისტორიაში 30 მატჩის კვალობაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ენდი კოულს ჰქონია (37).
„მანჩესტერმა“ 2:1 მოიგო, 33 ქულა დააგროვა და „ლივერპულს“ გაუტოლდა. ორივე გუნდს 16-16 მატჩი აქვთ ჩატარებული და სატურნირო ცხრილში სრული თანაფარდობაა.
პრემიერლიგაში 2021 წლის პირველი მატჩი ლივერპულში, "ევერტონსა" და "ვესტ ჰემს" შორის გაიმართა, რომელიც ლონდონელებმა ტომას სოუჩეკის გოლით მოიგეს და კარლო ანჩელოტის გუნდის ჩამორჩენა გაეზარდა.
„მანჩესტერი“ – „ასტონ ვილა“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 მარსიალი (40), 1:1 ტრაორე (58), 2:1 ბრუნო ფერნანდეში (61, პენ)