„ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის დღეიდან ნებისმიერ კლუბთან შეუძლია კონტრაქტის გაფორმება. არგენტინელს ესპანურ გრანდთან კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვე დარჩა და სეზონს დანამდვილებით „კამპ ნოუზე“ დაასრულებს, მაგრამ ხელშეკრულებაში არსებული პუნქტით შეუძლია სხვა გუნდზე უკვე რეალურად იფიქროს.
მესი უკვე უფლებამოსილია მოლაპარაკებები დაიწყოს სასურველ გუნდთან და უფრო მეტიც, წინასწარი კონტრაქტიც გააფორმოს. ამ საკითხზე ჯერ კონკრეტული არაფერია, თუმცა ფაქტია, ლეო „ბარსას“ ახალ კონტრაქტზე არ ესაუბრება და ძალიან დიდი შანსია, რომ ის არ გაახანგრძლივოს.
შედეგად, 1 ივლისიდან მესი თავისუფალი აგენტის სტატუსით გუნდის შეცვლას შეძლებს, პირველად თავის კარიერაში. ცხადია, ეს არ გამორიცხავს, რომ მან მანამდე კონტრაქტის განახლება და შესაბამისად, „ბლაუგრანაში“ დარჩენა გადაწყვიტოს, მაგრამ ესპანური მედიის ცნობით, ამის შანსი მიზრეულია.
შეგახსენებთ, მესი „ბარსელონას“ დატოვებას ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს აქტიურად ცდილობდა, მაგრამ კონტრაქტისგან გათავისუფლება ვერ მოახერხა და იძულებული გახდა დარჩენილიყო. 33 წლის არგენტინელს „ბარსაში“ 2004 წლიდან დღემდე 749 მატჩში 644 გოლი გაიტანა.