ბლოგი

12:46 | 31.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ახალ ეპოქაში გილოცავთ ახალ წელს!

სულ მალე 21-ე საუკუნის 20-იანი წლების ათვლა დაიწყება. ვინც გასულ საუკუნეში დავიბადეთ და გავიზარდეთ, ჩვენს მეხსიერებაში “20-იანი წლები“ სულ სხვა რამეს ნიშნავს და სხვა მოგონებებს აღძრავს. თუმცა, ისტორია მუდმივად მეორდება და მსოფლიოში არსებულ პანდემიას მართალია არც “დიდი დეპრესია“ ჰქვია, არც საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა და არც ე.წ. ბუტლეგერების ეპოქა, მაგრამ პარალელები მაინც აშკარაა და თვალშისაცემი. ახლავ მწვავედ დგას სოციალური პრობლემები, ახლაც წარმოჩინდა თუ რა რთულია იყო დამოუკიდებელი ქვეყანა არსებულ სიტუაციაში და ჩვენს რეგიონში. ახლაც ბევრია გაურკვევლობაში თუ სად მივდივართ და საერთოდ თუ მივდივართ სადმე.

და ამის მიუხედავად, ეს მაინც სხვა ეპოქაა სხვა სათქმელით, ფასეულობებით და ღირებულებებით. რაც მთავარია ჩვენი ქვეყანა ახლა ნამდვილად აღარაა მარტო და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დასავლური ცივილიზებული სამყაროს მეტი თანადგომა გვჭირდება, სურვილიც გვაქვს უფრო სწრაფად წავიდე წინ - საეჭვოა 100 წლის წინანდელი უბედურება დაბრუნდეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთს ხახვივთ შერჩა და მთელს დუნიაზე კაცი არ იყო ამ ამბების გამკითხავი.

გასული წელი მართლაც რომ მძიმე იყო და გლობალური პანდემია ცხადია ქართულ სპორტზე და სპორტსმენების მიერ ნაჩვენებ სპორტულ შედეგებზეც უარყოფითად აისახა. თუმცა, აღარ გვინდა ცუდ და მძიმე ამბებზე საუბარი და მოდით ახალ წელს რომ უხდება - ისეთი იმედიანი სიტყვებიც ვთქვათ. გვქონდეს იმედი, რომ 2021 წელი იქნება მთლიანად საქართველოს და მათ შორის ქართული სპორტის წინსვლის დასაწყისი. ახლა როგორც არასოდეს გვჭირდება პროგრესი და წინსვლა. სპორტის არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გამარჯვებებით და სხვადასხვა სახეობებში მიღწეული საუკეთესო შედგებით გზა გაუკვალოს სხვა სფეროებში წინსვლას. სპორტი ხომ ერთგვარი მასტიმულირებელი უნდა იყოს ხალხისა და მთლიანად ქვეყნისა.

იმედი არ დავკარგოთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კიდევ მიაღწევს დიდი საფეხბურთო ჩემპიონატის კარიბჭემდე და ამჯერად უკვე შეაღებს ამ ჭიშკარს. გვჯეროდეს, რომ ქართველი მოჭიდავეების და ძიუდოისტების მიერ წელს ნაჩვენები არცთუ გრანდიოზული შედეგები 2021 წლიდან მკვეთრად გაუმჯობესდება. გავიხაროთ ქართველი კალათბურთელების წლევანდელი წარმატებით და კიდევ უფრო მეტი წარმატების იმედიც გვქონდეს. არც იმის იმედი დავკარგოთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების “დიდ 8 ერში“ გამწესება არ იყო მსოფლიო რაგბის ბოსების მიერ ერთჯერადად მოძღვნილი სიკეთე და ჩვენი რაგბი საბოლოოდ დამკვიდრდება ბობოლათა შორის. რაც მთავარია, ყველას გვჯერა, რომ მომდევნო ზაფხულის ოლიმპიადა ქართველი სპორტსმენებისთვის იქნება წარმატებული აქამდე ყველა ოლიმპიადას შორის და ეს უნდა გაგრძელდეს განუხრელად.

WORLDSPORT.GE ყველა ერთგულ მკითხველს ულოცავს ახალ 2020 წელს. მრავალი სიხარულის, წარმატების, სიკეთის და ხვავის მომტანი წელი ყოფილიყოს. მომავლის იმედი არასოდეს დავკარგოთ!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116216