პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი, რომელიც კალიფორნიაში, მარტში იმართება ხოლმე და ინდიან ველსის სახელითაა ცნობილი, კორონავირუსის გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ეს უკვე ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როცა ინდიან ველსი, რომელსაც ხშირად დიდი სლემის მეხუთე ტურნირადაც მოიხსენიებენ, პანდემიის გამო ზარალდება. ის წელს გაუქმდა და არაა გამორიცხული, რომ არც მომავალ სეზონში ჩატარდეს.
„ტურნირის ორგანიზატორები აქტიურად მუშაობენ ATP-ს და WTA-ს ტურებთან, ასევე ტიტულოვან სპონსორ BNP პარიბასთან, რათა მოგვიანებითი ვადები შეთანხმდეს. მოლაპარაკების დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება“, - ნათქვამია ორგანიზატორთა მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მომავალ სეზონში ინდიან ველსი 8-21 მარტს უნდა გამართულიყო. მაგრამ ის გარემოება, რომ მის მონაწილეებს კარანტინის გავლა და სხვა შეზღუდვების დაცვა მოუწევთ, პრობლემებს ქმნის. როგორც ცნობილია, ავსტრალიის ღია პირველობა 8 თებერვალს დაიწყება, რაც ჩოგბურთელებს დასვენებისთვის და ყველა საჭირო პროცედურის გავლისთვის დროს თითქმის არ უტოვებს.
ცნობისათვის, 2019 წელს ინდიან ველსს ჯამში 475 000 მაყურებელი დაესწრო. შარშან კი ის ამერიკის მიწაზე ერთ-ერთი პირველი პროფესიონალური ტურნირი გახდა, რომელიც პანდემიის გამო გაუქმდა.