ჩოგბურთი

23:15 | 30.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი 2021 წლის სეზონს ანტალიის ტურნირით დაიწყებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წლის სეზონს ანტალიის ღია ტურნირით დაიწყებს. 250-ქულიან ტურნირზე მსოფლიოს ნომერ მე-40 ჩოგბურთელი მერვე ნომრად იქნება განთესილი.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვის შეხვდება ნიკოლოზი პირველ წრეში, თუმცა ბასილაშვილს 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და აღნიშნული ნავსი შესაძლოა ანტალიაში გატეხოს. აღნიშნული ტურნირი 7 იანვარს დაიწყება, მანამდე კი გადავხედოთ ბასილაშვილის 2020 წლის შედეგებს.

2020 წელს ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ის ტურნირებზე 17 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 13 წააგო. ნიკოლოზმა 13 ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და 10 პირველობას პირველივე წრიდან გამოეთიშა.

ბასილაშვილმა სეზონი ATP-ის პირველ თასზე დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრები ჯგუფში ესპანეთთან, იაპონიასთან და ურუგვაისთან იყო. ბასილაშვილმა რაფაელ ნადალთან და იოშიჰიტო ნიშიოკასთან წააგო, ხოლო პაბლო კუევასთან გაიმარჯვა.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილმა მხოლოდ ერთი წრე დაძლია, თუმცა 1/32-ფინალში ფერნანდო ვერდასკოსთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა. ამის შემდეგ ნიკოლოზმა როტერდამში გადაინაცვლა, სადაც 2020 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს ანდრეი რუბლიოვს შეხვდა და რუსმა ქართველი იოლად 6:2 6:3 დაამარცხა.

კორონავირუსის გამო საჩოგბურთო ტურნირები გაუქმდა და ზოგიც გადაიდო. ბასილაშვილმა პანდემიამდე დევისის თასზე ითამაშა და ესტონეთთან ერთი შეხვედრა მოიგო. ამის შემდეგ კი ნიკოლოზი ოფიციალურ შეხვედრაში პირველად 22 აგვისტოს გამოჩნდა, სადაც ცინცინატის მასტერსზე ფელიქს ოჟე-ალიასიმესთან მარტივად 4:6, 1:6 დამარცხდა. ბასილაშვილმა აშშ-ს ღია პირველობაზე გადაინაცვლა, თუმცა ამჯერადაც პირველივე შეხვედრა ჯონ მილმანთან წააგო.

აღნიშნული ტურნირების შემდეგ ქართველი ევროპაში დაბრუნდა და წარუმატებელი სერია გაუგრძელდა. კიცბიუელში ბასილაშვილი ფედერიკო დელბონისთან 5:7, 3:6 დამარცხდა, ხოლო რომის მასტერსზე ლორენცო სონეგოსთან წააგო - 3:6, 1:6. ჰამბურგის ტურნირზე ბასილაშვილი მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ჩავიდა და პირველივე წრეში რობერტო ბაუტისტა აგუტთან დამარცხდა - 4:6, 3:6. საფრანგეთის ღია პირველობას ქართველი ტიაგო მონტეიროსთან შეხვედრის შემდეგ გამოეთიშა, ხოლო ვენის დახურულ დარბაზში გამართული პირველობის ძირითად ბადეში ვერ გავიდა, რადგან კვალიფიკაციის მატჩი ნორბერტ გომბოშთან წააგო.

დახურული დარბაზის ტურნირებზე ნიკამ ბედი კიდევ ორჯერ სცადა - მონაწილეობა მიიღო პარიზის მასტერსსა და სოფიას პირველობაზე, თუმცა იან-ლენარდ შტრუფტან და მარკ-ანდრეა ჰიუსლერთან (რეიტინგი, 148) დამარცხდა და ასე დაამთავრა სეზონი ბასილაშვილმა.

2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრადებით დააკავეს და მას ბრალი ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. ნიკოლოზი თავს უდანაშაულოდ სცნობს და უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტმაც მოახდინა დიდი გავლენა ჩოგბურთელის თამაშზე.

ბასილაშვილს რომ პოტენციალი აქვს, ამას განვლილი წლების შედეგები მოწმობს. ნიკამ 2018 და 2019 წლებში სამი ტურნირის მოგება მოახერხა და გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ATP-ის ტურნირი მოიგო. ასევე, ქართველო ჩოგბურთელებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ბასილაშვილს აქვს დაფიქსირებული და იგი მე-16 ადგილზე იმყოფებოდა. ასევე, ნიკოლოზის კარგი თამაშის წყალობით და რეიტინგით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ATP-ის თასის პირველ გათამაშებაზე მოხვდა.

0.119907