სხვა

10:25 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

დუპლანტისმა ჯერ „მითოლოგურ“ ბუბკას აჯობა, ახლა კი ტოკიოში ოქროს უმიზნებს

არამარტო ოქროს! შვედმა ჭოკით მხტომელმა არმანდ დუპლანტისმა გასულ სეზონში ლეგენდარული სერგეი ბუბკას ღია არენების რეკორდი - 6.14 მეტრი, ერთი სანტიმეტრით გააუმჯობესა. უფრო მეტიც, ორივე ტიპის არენებისთვის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. და ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

21 წლის სპორტსმენის მომდევნო მიზანი, ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებაა. მან დოჰას (ყატარი) 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, თებერვალში პოლონეთში, ჭერქვეშა არენაზე, 2.17 მეტრზე დადებულ თამასას გადაევლო და მსოფლიო რეკორდ დაამყარა. რამდენიმე დღეში კი გლაზგოს ასევე ჭერქვეშა არენაზე, თავისი მიღწევა კიდევ ერთი სანტიმეტრით გააუმჯობესა! ბუბკას მიღწევა სექტემბერში, რომის ბრილიანტის ლიგის შეხვედრაზე დაამხო.

ცნობისათვის, მძლეოსნობის მსოფლიო ფედერაციამ (ვორლდ ატლეტიკსი), 2000 წლიდან მსოფლიოს რეკორდი ღია და დახურული არენებისთვის გააერთიანა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ღია არენაზე ბუბკას შედეგის გაუმჯობესება, ნებისმიერი ათლეტისთვის რეკორდის ტოლფასი მიღწევაა.

„ღია ტურნირების სეზონისთვის, ჩემი მთავარი მოტივაცია, 6.15 მეტრზე გადახტომა იყო. როცა ვიზრდებოდი, ბუბკას მითოლოგიურ ქმნილებად ვთვლიდი. რასაც ის აღწევდა, არარეალურად მოჩანდა. ამიტომ ყველა მიღწევა, რომლითაც მასზე მაღლა დგები, განსაკუთრებულ გრძნობას აღძრავს“, - ამბობს დუპლანტისი, ვინც შარშან 16-ვე ტურნირი მოიგო, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო.

„ვიცი, რომ უფრო მაღლა გადახტომაც შემიძლია. გაუმჯობესებისთვის ადგილი კიდევ დარჩა. რამდენად მაღლა? არ ვიცი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, უფრო მეტს შევძლებ. ოლიმპიური ოქროს მოპოვება ჩემი ოცნებაა. ბავშვობაშიც კი მსურდა ოლიმპიური ოქროს მოპოვება. მინდოდა, მსოფლიოში საუკეთესო ჭოკით მხტომელი ვყოფილიყავი. მომავალი სეზონისთვის მთავარი მიზან სწორედ ესაა“, - ამბობს დუპლანტისი, ვინც ახლახანს წლის საუკეთესო მამაკაც მძლეოსნად აღიარეს.

0.133563