როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც 39 წლის შვეიცარიელის აგენტი ამბობს, ტურნირის ექვსგზის ჩემპიონი თვლის, რომ მუხლზე გაკეთებული ორი ოპერაციის შემდეგ, ჩვეულ ფორმაში შესვლა ჯერ ვერ შეძლო და უკეთესი იქნება, თუ მელბურნში არ ითამაშებს.
ავსტრალიის 2021 წლის ღია პირველობის სტარტი, კორონავირუსის პანდემიის გამო, სამი კვირით გადაიტანეს. ის 8 თებერვალს დაიწყება. მელბურნში უკვე თითქმის ორი თვეა, ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ხელისუფლება ფრთხილობს და დიდი სლემის ტურნირის მონაწილეებს მკაცრ შეზღუდვებს უწესებს.
ფედერერი ახალი სეზონისთვის დუბაიში ემზადება. მას იმედი ჰქონდა, რომ ავსტრალიის ღიას დაწყების თარიღის გადატანის გამო, შეიძლება მისთვის მომზადება მოესწრო. მან ამის შესახებ ტურნირის ორგანიზატორებს აცნობა. მაგრამ როგორც ჩანს, ასე არ მოხდა. მისმა აგენტმა ტონი გოდსიკმა განაცხადა, რომ ჩოგბურთელი მზად არაა და მას ტურნირის გამოტოვება მოუწევს.
„როჯერმა გადაწყვიტა, რომ ავსტრალიის 2021 წლის ღია პირველობაზე არ ითამაშოს. ბოლო თვეებში მუხლი აღარ აწუხებს და ფიზიკურ ფორმასაც თანდათან აუმჯობესებს. მაგრამ თავის გუნდთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ჩოგბურთს ავსტრალიის ღიას შემდეგ დაუბრუნდება“, - ნათქვამია გოდსიკის განცხადებაში.
ის ამბობს, რომ ფედერერის კალენდრის დასაწყისს თებერვლის ბოლოსთვის დაგეგმავს. რომელ ტურნირებზე ითამაშებს, ეს ჯერ უცნობია. ფედერერს ნათქვამი აქვს, რომ ახალ სეზონში მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ოლიმპიური ოქროს მოპოვება იქნება.
ფედერერის დებიუტი ავსტრალიის ღიაზე 1999 წელს შედგა. მაშინ ის ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. მას შემდეგ, დიდი სლემის ეს ტურნირი არასდროს გამოუტოვებია. ამ პერიოდში, მან ნახევარფინალს 15-ჯერ მიაღწია. ბოლოს მელბურნის სუპერ ტურნირი 2018 წელს აქვს მოგებული.