ისტორია

9:48 | 28.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

28 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1960 – დაიბადა რეი ბურკი (რაიმონდ ჟან ბურკი). “ბოსტონ ბრუინზის” სიმბოლოდ აღიარებული მცველი. ამ გუნდის ღირსებას 21 სეზონის განმავლობაში იცავდა (1979-2000). პირველივე სეზონში, ჰოკეის ეროვნული ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. NHL-ის მცველებს შორის, საუკეთესო მაჩვენებელი აქვს გატანილ გოლთა, შედეგიანი პასებისა და ქულების თვალსაზრისით. რეი ბურკი 5-ჯერ აღიარეს სეზონის უძლიერეს მცველად და ამ ფაქტის დამადასტურებელი “ნორის ტროფი” გადასცეს. ბურკმა 13-ჯერ იასპარეზა NHL-ის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში და ამ მაჩვენებლით მხოლოდ გორდი ჰოუს ჩამოუვარდება. 2001 წელს ბურკი “კოლორადო ეველენშში” გადავიდა და ჰოკეის ეროვნულ ლიგაში თავისი 22-ე სეზონი სტენლის თასის დაუფლებით დააგვირგვინა. რეი ბურკმა NHL-ის მატჩებში 410 გოლი გაიტანა და 1169 შედეგიანი პასი შეუსრულა პარტნიორებს. კანადის ნაკრბის რიგებში მან 1988 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ითამაშა, 1981, 1984 და 1987 წლებში კი Canada cup-ზე იასპარეზა. რეი ბურკი 2004 წელს ჰოკეისტთა “დიდების დარბაზში” შეიყვანეს. ბურკის მშობლიური ქალაქის სენ ლორანის სპორტულ დარბაზს “რეი ბურკის არენა” უწოდეს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1902 - ამერიკულ ფეხბურთში პირველი მატჩი ჩატარდა დახურულ დარბაზში. “სირაკუზიმ” “ფილადელფიას” 6:0 მოუგო.

1905 - აშშ-ში საუვენირსიტეტო ათლეტთა ასოციაცია დაარსდა. 1910 წლიდან იგი სტუდენტთა საკალათბურთო ლიგად (NCAA) გადაკეთდა.

1942 - რობერტ სალივანი პირველი პილოტი გახდა, რომელმაც ატლანტის ოკეანეს 100-ჯერ გადაუფრინა.

1947 - “ჩიკაგო კარდსმა” “ფილადელფია იგლზსს” 28:21 მოუგო და ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ჩემპიონი გახდა.

1952 - “დეტროიტ ლაიონზმა” “კლივლენდ ბრაუნზი” 17:7 დაამარცხა და ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ჩემპიონი გახდა.

1954 - დევისის თასის 43-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა ავსტრალიის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი სიდნეიში ჩატარდა.

1955 - დევისის თასის 44-ე გათამაშების ფინალში, ავსტრალიის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ის ნაკრებს 5:0 მოუგო. მატჩი ნიუ იორკში ჩატარდა.

1968 - დევისის თასის 57-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრალიის ნაკრებს 4:1 მოუგო. მატჩი ადელაიდაში ჩატარდა.

1975 - მოსკოვის ჰოკეისტთა კლუბმა, ცსკამ ნიუ იორკის “მედისონ სკვერ გარდენში” “ნიუ იორკ რეინჯერსს” 7:3 მოუგო.

1983 - დევისის თასის 72-ე გათამაშების ფინალში, ავსტრალიის ეროვნულმა გუნდმა შვეციის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი მელბურნში ჩატარდა.

1983 - ავსტრალიის ნაკრების რიგებში დევისის თასი მოიგო პეტ დევისმა, რომელიც იმხანად მსოფლიო კლასიფიკაციაში 412-ე საფეხურზე იყო.

1997 - ჯონ სტინგმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის, ჰოლივუდ ჰოგანი დაამარცხა და WCW ასოციაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2004 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მატჩში “დეტროიტ პისტონზის” მოთამაშე ჩონსი ბილაფსმა “ვაშინგტონ უიზარდსს” ბურთი საფინალო სირენამდე 0,7 წამით ადრე ჩაუგდო და თავის გუნდს 107:105 მოაგებინა. პირველი ტაიმი “დეტროიტმა” 17 ქულის სხვაობით წააგო.

2006 - პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ლუიშ ფიგუმ არაბულ “ალ იტიჰადთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

2006 - გაზეთ “მსოფლიო სპორტის” მიერ სპორტის სფეროში ჩატარებული პირველი ქართული ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგად, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად, ლევან ცქიტიშვილი დასახელდა. მე-2-ე ადგილზე დავით სირაძე გავიდა, ხოლო მე-3-ე პოზიციაზე შოთა არველაძე აღმოჩნდა. გამარჯვებულის გამოვლენისა და ფეხბურთელების დაჯილდოვების საზეიმო წარმოდგენა, თბილისში, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში შედგა. 2006 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელს, “მსოფლიო სპორტის” მიერ სპეციალურად დამზადებული “ოქროს თასი” გადაეცა, ხოლო მეორე-მესამე ადგილებზე გასულ მოთამაშეებს შესაბამისად, “ვერცხლისა” და “ბრინჯაოს” თასები ერგოთ. ამავე წარმოდგენაზე, გამომცემლობა “მსოფლიო სპორტის” ნამუშევრის, “ურუგვაიდან გერმანიამდე”, პრეზენტაცია შედგა, რომელიც საქართველოში საფეხბურთო მუნდიალის ისტორიისადმი მიძღვნილი პირველი წიგნია. მასში, 1930 წლიდან მოყოლებული, 2006 წლის ჩათვლით, მსოფლიოს ყველა ჩემპიონატის დაწვრილებითი მიმოხილვა, სტატისტიკური მონაცემები და მდიდარი ფოტო-მასალაა შესული. წიგნი, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გამოიცა.

2007 - კაფე “მსოფლიო სპორტში”, სპორტულმა კლუბმა “დინამომ” ვეტერან და მოქმედ სპორტსმენებს, მედლები და ფულადი ჯილდოები გადასცა.

2007 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახა კალაძე პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის საკლუბო ტურნირებში, 100 მატჩი ჩაატარა.

2007 - ინგლისური “ნიუკასლის” ნახევარმცველი, ჯონ ბარტონი, ლივერპულის პოლიციამ ქალაქის ცენტრში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობისთვის დააკავა, საქალაქო სასამართლომ კი, მას 2003 წლის 3 იანვრამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ დღეს დაიბადნენ

1919 - ნიკოლაი ეპშტეინი. საბჭოთა ჰოკეისტი და მწვრთნელი. განსაკუთრებულ წარმატებას სადამრიგებლო მოღვაწეობისას მიაღწია.

1928 - კაროი შანდორი. უნგრეთის ნაკრების და ბუდაპეშტის მტკ-ს ფეხბურთელი. მსოფლიოს 1958 და 1962 წლების ჩემპიონატების მონაწილე. უნგრეთის ნაკრებში ჩაატარა 75 მატჩი, გაიტანა 27 გოლი.

1929 - ტერი სავჩუკი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოკეისტი-გოლკიპერი. დაიბადა ვინიპეგში. თამაში “დეტროიტ რედ უინგზში” დაიწყო და 1952 წელს გუნდის მიერ ჰოკეის ეროვნული ლიგის ჩემპიონობის (სტენლის თასის) მოპოვებაში ლომის წვლილი დაიდო. სავჩუკი მთელი სეზონის განმავლობაში საიმედოდ თამაშობდა და გადამწყვეტ 8 მატჩში მხოლოდ 5 შაიბა გაუშვა. 1955 წელს ტერი “ბოსტონ ბრუინზში” გადავიდა, მაგრამ მალევე დეტროიტში დაბრუნდა და 1964 და 1967 წლებში “რედ უინგზთან” ერთად სტენლის თასი მოიპოვა. სავჩუკი 4-ჯერ აღიარეს NHL-ის წლის საუკეთესო გოლკიპერად და “ვეზინას თასი” მიანიჭეს. სპორტული კარიერის განმავლობაში ტერი სავჩუკს მოპოვებული აქვს 447 მოგება. იგი 1970 წლის 31 მაისს გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო პერიოდში სავჩუკი ალკოჰოლიზმით დაავადდა, ხოლო მისი გარდაცვალების მიზეზი, მთვრალ მდგომარეობაში დაცემის შედეგად მიღებული ტრავმა აღმოჩნდა. ტერი სავჩუკი ჰოკეისტთა “დიდების დარბაზში” 1971 წელს შეიყვანეს.

1938 - ვალენტინა პრუდსკოვა. საბჭოთა მოფარიკავე. 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს 3-ჯერ (1958, 1961, 1965) ფლობდა.

1960 - რეი ბურკი (რაიმონდ ჟან ბურკი). “ბოსტონ ბრუინზის” სიმბოლოდ აღიარებული მცველი. ამ გუნდის ღირსებას 21 სეზონის განმავლობაში იცავდა (1979-2000). პირველივე სეზონში, ჰოკეის ეროვნული ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. NHL-ის მცველებს შორის, საუკეთესო მაჩვენებელი აქვს გატანილ გოლთა, შედეგიანი პასებისა და ქულების თვალსაზრისით. რეი ბურკი 5-ჯერ აღიარეს სეზონის უძლიერეს მცველად და ამ ფაქტის დამადასტურებელი “ნორის ტროფი” გადასცეს. ბურკმა 13-ჯერ იასპარეზა NHL-ის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში და ამ მაჩვენებლით მხოლოდ გორდი ჰოუს ჩამოუვარდება. 2001 წელს ბურკი “კოლორადო ეველენშში” გადავიდა და ჰოკეის ეროვნულ ლიგაში თავისი 22-ე სეზონი სტენლის თასის დაუფლებით დააგვირგვინა. რეი ბურკმა NHL-ის მატჩებში 410 გოლი გაიტანა და 1169 შედეგიანი პასი შეუსრულა პარტნიორებს. კანადის ნაკრბის რიგებში მან 1988 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ითამაშა, 1981, 1984 და 1987 წლებში კი Canada cup-ზე იასპარეზა. რეი ბურკი 2004 წელს ჰოკეისტთა “დიდების დარბაზში” შეიყვანეს. ბურკის მშობლიური ქალაქის სენ ლორანის სპორტულ დარბაზს “რეი ბურკის არენა” უწოდეს.

1971 - ბრენტ ბერი. “სან ანტონიოს” გამთამაშებელი-მსროლელი (198 სმ). 2-ჯერ მოიპოვა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონის ტიტული.

1974 - იბრაჰიმ კუთლუაი. თურქეთის საკალათბურთო ნაკრებისა და სტამბოლის “ულქერის” მსროლელი-ფორვარდი (198 სმ). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1949 - ჯეკ ლოველოკი. ამერიკელი მძლეოსანი, 1936 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 39 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.

1970 - ჩარლზ სონი ლისტონი (“დიდი დათვი”). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მოკრივე. გამოდიოდა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში. სონი ლისტონი დაიბადა 1932 წლის 8 მაისს, პროფესიონალურ რინგზე კი, პირველად 1953 წლის 2 სექტემბერს ავიდა და დონ სმიტი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. მსოფლიოს ჩემპიონობისათვის ბრძოლის უფლების მოსაპოვებლად ლისტონს დიდი გზის გავლა დასჭირდა, ხოლო ტიტულისათვის - “დიდი დათვი” - იმჟამინდელ ჩემპიონ ფლოიდ პატერსონს, 1962 წლის 25 სექტემბერს ჩიკაგოში (ორთაბრძოლა თავდაპირველად ნიუ იორკში იყო დანიშნული) შეხვდა. პაექრობა დიდხანს არ გაგრძელებულა და პირველივე რაუნდში, ლისტონმა პატერსონი ნოკაუტში გაგზავნა. მომდევნო წელს მატჩ-რევანში დაინიშნა და სონიმ მოწინააღმდეგე უკვე... მეოთხე წამზე დაანოკაუტა. ლისტონი ჩემპიონის ტიტულს 1964 წლამდე ფლობდა, პლანეტის უპირველესი მოკრივის წოდება კი, ოლიმპიურ ჩემპიონ კასიუს კლეის (შემდგომში მუჰამედ ალი) დაუთმო. მათი ორთაბრძოლა 25 თებერვალს, მაიამიში ჩატარდა და მე-7-ე რაუნდის დაწყებამდე, მხრის ამოვარდნილობის საბაბით, სონი ლისტონმა წინააღმდეგობა შეწყვიტა. კასიუს კლეიმ ლისტონი მატჩ-რევანშში ნოკაუტით დაამარცხა. 1970 წლიდან ლისტონი დიდ რინგზე დაბრუნდა, რმადენიმე ბრძოლაც მოიგო და მუჰამედ ალისთან საპაექროდაც ემზადებოდა, მაგრამ 28 დეკემბრის დილას, იგი მეუღლემ სახლში მკვდარი იპოვა (სონი ცალკე ოთახში იძინებდა). ჩარლზ სონი ლისტონი ნევადის შტატის ქალაქ ლას ვეგასში დაკრძალეს. ლისტონს პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული აქვს 54 ორთაბრძოლა, რომელთაგან 50 მოიგო (39 ნოკაუტით).

0.12075